მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი ადვოკატებთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობასა და ექიმების დაშვებას ითხოვს. ადვოკატის ცნობით, თუ 6 იანვრამდე ამ პრობლემებს არ აღმოფხვრიან, სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია — რას.

"ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება, მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა და მეორე, თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას", — განაცხადა მან.

29 დეკემბერს გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.

30 დეკემბერს, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ის ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, რადგან საძილე მედიკამენტებით იყო გაბრუებული და მაღალი წნევა ჰქონდა.