კოსმოსსა და დახვეწილ ტრანსპორტთან დაკავშირებულ ახალ ინტერვიუში ილონ მასკმა თავისი დასკვნა გაგვიზიარა და გვითხრა, რომ მარსზე დასაჯდომად ყველაზე ცუდ შემთხვევაში 10 წელი დაგვჭირდება. მისი აზრით, ჩვენ მულტიპლანეტური ცივილიზაცია უნდა გავხდეთ.

მასკის თქმით, Starship აქამდე შექმნილთაგან ყველაზე კომპლექსური რაკეტაა და ადამიანებს მარსზე უსაფრთხოდ გადაიყვანს, თუმცა ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ კომპანიების Tesla და SpaceX დირექტორს პირობების დადება და არშესრულება სჩვევია: მხოლოდ ამ კვირაში ელექტროსატრანსპორტო საშუალებათა მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ დაახლოებით ნახევარი მილიონი მანქანა დააბრუნა.

ასევე იხილეთ: ილონ მასკი უარყოფს, რომ მისი კომპანიის სატელიტები ორბიტაზე დიდ ადგილს იკავებს

მიუხედავად ამისა, SpaceX-ს მაინც არაერთი წარმატება ეკუთვნის. იგი რეგულარულად გზავნის ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, Starship-მა კი NASA-სთან უკვე გააფორმა მომგებიანი შეთანხმება, რომელიც სააგენტოს ასტრონავტების მთვარეზე აყვანას მოიაზრებს. რაკეტამ დედამიწა რამდენჯერმე დატოვა, თუმცა უნდა ითქვას, ფრენების უმეტესობა თვალწარმტაცი აფეთქებებით დასრულდა.

ასევე იხილეთ: ჩინეთი ილონ მასკს სახიფათო მანევრში ადანაშაულებს

გასათვალისწინებელია, რომ მასკი 10 წელიწადში მარსის კოლონიზაციაზე არ საუბრობს და უბრალოდ დაჯდომას ან კვლევით მისიას გულისხმობს. მისი თქმით, ხარჯების შემცირება და ნაწილების ხელახლა გამოყენება წარმატების უმთავრესი გასაღებია, ხოლო მაშინ, როცა ამჟამად მარსზე გასამგზავრებლად ბილეთს ერთ ტრილიონადაც კი ვერ იყიდით, რაკეტის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაწილის გადაგდება საფასურს კიდევ უფრო ზრდის.

"თეორიულად, Starship-ის თითო გაშვება შეიძლება, 1-2 მილიონი დოლარი დაჯდეს. იგი ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი მასის ატანას შეძლებს, რაც სიგიჟეა. ფიზიკის ძველი კანონების გადაფასება სულაც არ გვჭირდება", — განაცხადა მასკმა ინტერვიუში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შესაძლებელი ნამდვილად არის, თუმცა მაინც საკითხავია, რამდენად მოხდება. თუკი Starship-ის ტემპი არ დაეცემა და ნასასთან შეთანხმებითაც მოხერხდება თანხის მოხვეჭა, იქნებ მარსზე მართლაც მალე დავსხდეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.