მთელი დღის განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ გზების რაოდენობა, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული ან აკრძალულია. მიზეზი, ჩვეულებრივ, თოვა, დაბალი ტემპერატურა და ლიპყინულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთი საავტომობილო გზაზე. ეს მონაკვეთი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზას ეკუთვნის, რომლის დანარჩენ ნაწილებში მოძრაობა, ჯერჯერობით, თავისუფალია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვისაა მოძრაობა აკრძალული გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით იქნება შესაძლებელი.

დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კილომეტრზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის.

მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ტრანსპორტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22 კილომეტრზეც. დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მოძრაობა სრულად თავისუფალია ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტისთვის.

ინტენსიური თოვის გამო, ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე.

ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 14-106 კილომეტრზემოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის. ამავე მონაკვეთის 14-40 კილომეტრზე მოძრაობა დაშვებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, სხვა მონაკვეთებზე კი — ყველა სახის ტრანსპორტის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მონაკვეთზე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გარდა ამისა, უწყება მოუწოდებს მოსახლეობას იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებითა და გამართული ტრანსპორტით.