აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანმა და მისმა ქმარმა, დაგ მორისმა ქართველ ხალხს ბედობა სპეციალური ვიდეო-მიმართვით მიულოცეს. მათ აღნიშნეს, რომ 2022 წელს 30 წელი სრულდება, რაც საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ.

"აშშ-ს საელჩო საქართველოში 30 წლისაა. [2022 წელს] ჩვენ აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების 30-წლისთავს საქართველოსთან", — განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც აშშ-ს საელჩო ამ წლების განმავლობაში ახორციელებდა საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკური განვითარებისთვის. დეგნანმა განაცხადა, რომ მომავალში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებული პროექტების რიცხვი გაიზრდება.

"აშშ-ს საელჩოს გუნდი დაეხმარება საქართველოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სკოლის გახსნაში, პედიატრიული საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვაში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის სახლების აშენებაში", — განაცხადა დეგნანმა.

ელჩმა მიმართვაში ისაუბრა პერსონალურ სურვილებზე და ხაზი გაუსვა მიუსაფარი ძაღლების საჭიროებებს. დეგნანმა და მორისმა განაცხადეს, რომ ისინი ზრუნავენ ასეთ ძაღლებზე და იმედოვნებენ, რომ გამოჩნდება სხვა ოჯახებიც, რომლებიც იგივეს გააკეთებენ.