საახალწლო მილოცვაში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ ყოველ ახალ წელს სიახლეს პირდება მოსახლეობას, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. მისი თქმით, ხალხმა წინასწარგანჭვრეტა უნდა ისწავლოს და სიძნელეების დაძლევის უნარი უნდა ჰქონდეს.

პატრიარქმა დალოცა მოსახლეობა, განსაკუთრებით კი საავადმყოფოსა და ციხეებში მყოფი პირები და თავისი ნათლულები გამოყო და აღნიშნა, რომ მისი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით და ლოცვით.

"ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინაგანჭვრეტა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები.

არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც.

განსაკუთრებით მივმართავ იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან", — განაცხადა მან.

საახალწლო მილოცვა უკვე გაავრცელეს პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.