პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. სამომავლო სურვილების შემდეგ მან მოკლედ შეაჯამა გასული წელი და ამტკიცებს, რომ 2021 წელს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არცერთი წუთით.

"ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს საერთო მშვიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები მთელ მსოფლიოში დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას და ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე.

2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო — იყო პოლიტიკური ვნებათაღელვაც, იყო პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები სხვადასხვა მიმართულებით, და მეტიც, იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო. მაგრამ გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით — ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ შეუჩერებია არც ერთი წუთით და სერიოზული მიღწევები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, აპირებს ახალი წელი გაბედული და დროული გადაწყვეტილებებით დაიწყოს.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი.

ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო — ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ახალი წელი მიულოცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ემიგრანტებს, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს.

გაიგე მეტი: