ჩინეთის მთავრობის ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, ფეხბურთელებს ტატუს გაკეთება აეკრძალათ და ვისაც ტატუ უკვე გაკეთებული აქვს, სასწრაფოდ უნდა მოიშოროს. მთავრობის განცხადებით, ფეხბურთელები საზოგადოებას "კარგ მაგალითს" უნდა აძლევდნენ.

ტატუს შესახებ ახალი დირექტივა შეზღუდვებს ეროვნულ ნაკრებსა და 23 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდებს უწესებს.

"ფეხბურთელებს ახალი ტატუს გაკეთება კატეგორიულად ეკრძალებათ. ვისაც უკვე ტატუ აქვს, უნდა მოიშოროს და თუ განსაკუთრებული გარემოების გამო ეს ვერ ხერხდება, მაშინ თამაშისა და შეჯიბრის დროს ტატუ აუცილებლად დაფარული უნდა იყოს. ხოლო 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა გუნდებში იმ ადამიანების მიღება იკრძალება, ვისაც ტატუ უკვე გაკეთებული აქვს", — ვკითხულობთ დირექტივაში.

ფოტო: Getty Images

დირექტივაში ისიც არის ნახსენები, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ისეთი აქტივობები უნდა დაგეგმოს, რომლებიც საზოგადოებაში პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გრძნობას გააძლიერებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩინეთის მთავრობამ ტატუს გაკეთება და გამოჩენა აკრძალა. 2018 წელს ჩინეთის მედიის მარეგულირებელმა მსახიობებს და პოპკულტურის წარმომადგენლებს ტელეეკრანებზე ტატუთი გამოჩენა აუკრძალა.