მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტთან კომუნიკაცია ადვოკატებს შეზღუდული აქვთ და ვერ ახერხებენ წერილების გაცვლას. თუთბერიძის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილისა და საზოგადოების კომუნიკაციის. ადვოკატმა აღნიშნა, რომ სააკაშვილს უჭირს საკვების მიღება, თავს გრძნობს სუსტად და ელოდება პირად ექიმთან შეხვედრას.

"გახსოვთ რამდენიმე თვის წინ, როცა პენიტენციურმა სამსახურმა სცადა ადვოკატებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაციის შეზღუდვა, როცა ამოაშენეს, ამოქოლეს ღრიჭო საიდანაც ჩვენ წერილებს ვცვლიდით ხოლმე. წერილობითი კორესპონდენციის უფლება არის ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება. ამის შეზღუდვა არ შეიძლება. კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს. ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობითი პასუხის მიღებას, ამას აქვს ერთადერთი მიზანი და მიზეზი — საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციისა ჩვენთან, მათ შორის ადვოკატებსა და ქართულ საზოგადოებასთან", — აცხადებს ის.

29 დეკემბერს გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაციის გავრცელებიდან 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.

30 დეკემბერს, ექსპრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ის ყალბი დიაგნოზითაა გამოწერილი. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, რადგან საძილე მედიკამენტებით იყო გაბრუებული და მაღალი წნევა ჰქონდა.