პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს. მისი თქმით, თანამშრომლების გათავისუფლებასა და ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები გაირკვა და ვეტოს საფუძველი არ არსებობს.

"ვფიქრობ, მას ჰქონდა წუხილი თანამშრომლებთან დაკავშირებით და ეს საკითხი უკვე ცხადია. ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ მასაც არ აქვს კითხვის ნიშანი. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, ვეტოს უფლებას პრეზიდენტი არ გამოიყენებს. ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ბუნდოვანება გაირკვა და არავის აღარ აქვს კითხვის ნიშანი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო. თანამშრომლებთან დაკავშირებითაც საკითხი გაირკვა და ყველა თანამშრომელს აქვს გარანტია, რომ ისინი გადანაწილდებიან ამ ორ სამსახურში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ვეტოს საფუძველი არ არსებობს", — განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.

პარლამენტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაზე 81 მომხრე და 7 წინააღდეგი იყო.

კანონპროექტის მიხედვით, უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სამსახური. მის მაგივრად იქმნება ორი — სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. კანონის პროექტით განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები, უფლებამოსილებები, უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები და სხვა საკითხები.

ასევე, კანონით განისაზღვრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი.

კანონის მიღების შეჩერება მოითხოვა ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, გაერომ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა, ამერიკის ელჩმა. ყველა მათგანმა მიუთითა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა ასეთი დაჩქარებული წესით, გაუმჭვირვალედ, იყო მიუღებელი და ამ კანონის მიღება უნდა დაფუძნებოდა ფართო დისკუსიებს, ღია და ღრმა განხილვებს, მათ შორის ამ დისკუსიებში პირველ რიგში ჩართული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რეფორმა უნდა განხორციელებულიყო ფრთხილად და თანამდებობის პირების მიმართ მსგავსი მსუსხავი ეფექტის თავიდან არიდების გზით. ასევე მიუთითეს, რომ ეს პროცესი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და ძირს უთხრის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

ამავე თემაზე: