სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

"ხსენებული პირების უკანონო დაკავების მომენტიდან, მათი უპირობო გათავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზი", ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა მექანიზმი. ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ", — აღნიშნავენ უწყებაში.

ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 დეკემბერს გაავრცელა.