კომპანიების SpaceX და Tesla აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი უარყოფს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრები იქ დიდ ადგილს იკავებს.

ამის შესახებ მან Financial Times-თან განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი პლანეტის გარშემო ათობით მილიარდი სატელიტის განთავსებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ გაჟღერებული უკმაყოფილება, რომ მასკის აპარატები სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს წინსვლის საშუალებას არ აძლევს, მცდარია.

"კოსმოსი ძალიან დიდია, სატელიტები კი საკმაოდ მცირე ზომისაა. სხვას გზას არცერთ სიტუაციაში ვუღობავთ და არც რაიმეს გაკეთებაში ვუშლით ხელს. რამდენიმე ათასი თანამგზავრი არაფერია. ეს იგივეა, რომ ისინი მთელ დედამიწაზე არსებულ, იმავე რაოდენობის მანქანებს შევადაროთ. ეს მართლაც არაფერს ცვლის", — ამბობს მასკი.

ESA-ში აღნიშნავენ, რომ ორბიტაზე მოძრავ აპარატებს შორის მანძილი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ეს ილონ მასკს ჰგონია. ამის გარდა, მეცნიერებმაც არაერთხელ გამოთქვეს ეჭვი მოსალოდნელ შეჯახებებთან დაკავშირებით და რისკის შესამცირებლად, სახელმწიფოებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჩინეთმა გაეროს თავისი ახალი კოსმოსური სადგურის, Tianhe-ს ორი იძულებითი მანევრის შესახებ აცნობა, რომლის შესრულებაც მას Starlink-ის ექსპლუატაციიდან გამოსულ თანამგზავრებთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად მოუწია. შემთხვევები ივლისსა და ოქტომბერში დაფიქსირდა.

საუბარია ორ ობიექტზე, რომელიც ქვედა ორბიტაზე დაეშვა, რათა ატმოსფეროში დამწვარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ამან ჩინელი ასტრონავტები საფრთხის წინაშე დააყენა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.