ქართველ მკითხველს სულაკაურის გამომცემლობა მუდმივად ანებივრებს საინტერესო, მრავალფეროვანი და ახალ-ახალი გამოცემებით, რომელთა შორისაც თავისთვის საინტერესო საკითხავს ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანი მარტივად იპოვის.

ამ მხრივ გამონაკლისი არც გასული წელი იყო და გამომცემლობამ არაერთი მნიშვნელოვანი თარგმანი თუ ქართველი ავტორის ნაწარმოები შემოგვთავაზა. თუმცა რომელი წიგნებით დაინტერესდნენ მკითხველები ყველაზე მეტად?

ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ მოცემულ სიაში იპოვით, რომელშიც ზრდადობის მიხედვითაა დალაგებული სულაკაურის გამომცემლობის 2021 წლის ბესტსელერი წიგნები:

10. თამაში რიოში მარგალიტებით — ჰერმან ჰესე

მთარგმნელი: ნანა გოგოლაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წლის ყველაზე პოპულარული წიგნების ათეულში საპატიო ადგილს იკავებს ისეთი კლასიკოსისა და დიდი გერმანელი ავტორის რომანი, როგორიც ჰერმან ჰესეა. ამ მწერალს ჩვენთან კარგად იცნობენ და სულაკაურის გამომცემლობასაც გამოცემული აქვს მისი ისეთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებები, როგორებიცაა ზიდჰარტა, ნარცისი და გოლდმუნდი, ტრამალის მგელი და 33 ზღაპარი. თუმცა გასულ წელს მკითხველების განსაკუთრებული ფავორიტი თამაში რიოში მარგალიტებით აღმოჩნდა, რომლის ქართულად წაკითხვისაც ბევრი დიდხანს ელოდა.

9. ჩვეულებრივი ადამიანები — სალი რუნი

მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სალი რუნი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა ავტორია. ამ ირლანდიელ მწერალს სახელი ყველაზე მეტად რომანმა ჩვეულებრივი ადამიანები გაუთქვა, რომლის მიხედვითაც ამავე სახელწოდების მქონე ასევე ძალიან წარმატებული სერიალიც გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მკითხველმა პირველად სალი რუნი სწორედ ამ წიგნით გაიცნო და ფაქტია, რომ დიდი მოწონებაც დაიმსახურა: ბესტსელერების სიაში მოხვდა და გამომცემლობამაც არ დააყოვნა მისი კიდევ ერთი ცნობილი რომანის საუბრები მეგობრებთან გამოცემა.

8. არსთა მესნევი (წიგნი პირველი) — ჯალალ ედ-დინ რუმი

მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა არა მხოლოდ სპარსული, არამედ მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილი საგანძური — არსთა მესნევი, რომელსაც ხშირად სუფიზმის ენციკლოპედიასაც უწოდებენ. რაც მთავარია, ეს უმნიშვნელოვანესი საქმე შეუმჩნეველი არ დარჩენიათ არც ლიტერატურათმცოდნეებს და არც მკითხველებს: რუმის პოემა ბესტსელერად იქცა, გიორგი ლობჟანიძეს კი საბა გადაეცა ამ ეპოქალური თარგმანისთვის.

სულაკაურის გამომცემლობამ უკვე გამოსცა მესნევის მეორე წიგნიც.

7. რეკვიემი — ზაირა არსენიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მას შემდეგ, რაც ქართველი მკითხველების ფართო წრემ აღმოაჩინა ზაირა არსენიშვილი რომანით ვა, სოფელო, სულაკაურის გამომცემლობამ განიზრახა, რომ ამ თავის დროზე სათანადოდ ვერშემჩნეული მწერლის შემოქმედება სრულად გამოეცა ხელახლა. ასე მიეცა ხელახალი სიცოცხლე მოთხრობების კრებულს კენჭები და არსენიშვილის სადებიუტო რომანს რეკვიემი, რომელიც თურმე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ვა, სოფელო.

6. კოსმოსი — კარლ სეიგანი

მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად სულაკაურის გამომცემლობა ბოლო პერიოდში აქტიურ პოპულარიზაციას უწევს სამეცნიერო ტექსტებსაც, რომლებიც ქართულ ენაზე ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ითარგმნება ხოლმე. სწორედ ამ დანაკლისის ამოსავსებად გამოუშვეს სერია აკადემია, რომლის ფარგლებშიც გამოიცა კარლ სეიგანის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული წიგნი კოსმოსი.

ქართული გამოცემა მნიშვნელოვანია იმათაც, რომ ის გაფორმებულია ქართველი ასტროფოტოგრაფების შთამბეჭდავი ნამუშევრებით.

5. საპიენსი — იუვალ ნოახ ჰარარი

მთარგმნელი: ნიკა სამუშია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

იუვალ ნოახ ჰარარიმ მოახერხა, რომ არამხატვრული ტექსტი ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსოფლიო ბესტსელერი გამხდარიყო: საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია 50-მდე ენაზე ითარგმნა და 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. როგორც ხედავთ, თარგმნის შემდეგ ეს წიგნი საქართველოშიც ბესტსელერად იქცა, რაც იმის დამსახურებაა, რომ ავტორი ძალიან მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებზე ყველასთვის გასაგები ენით ამომწურავად და საინტერესოდ წერს.

4. ვა, სოფელო — ზაირა არსენიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ზაირა არსენიშვილი განსაკუთრებული ფენომენია: ის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იშვიათთაგანია, ვინც საბჭოთა კავშირის ყველაზე სისხლიანი ეპიზოდები შეულამაზებლად აღწერა, ამ სიმამაცისთვის კი დამსახურებული აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღო. მართალია, გვიან, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველმა მკითხველმა მისი რომანი ვა, სოფელო უზომოდ შეიყვარა და ამიერიდან ნამდვილად აღარ მიეცემა დავიწყებას მისი სახელი.

3. სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში — მაია ასათიანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

შესაძლოა, ბევრი არ ელოდა, მაგრამ მაია ასათიანმა შეძლო, რომ ქართველ აუდიტორიას კიდევ ერთ ამპლუაში წარმატებით წარდგენოდა — როგორც მწერალი. შედეგმა კი მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა: ცნობილმა ტელეჟურნალისტმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იმდენად ემოციურად მოუთხრო პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის ქარტეხილებით სავსე განვლილი გზის შესახებ მკითხველს, რომ გულგრილი არავინ დატოვა.

2. მზე, მთვარე და პურის ყანა — თემურ ბაბლუანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ეს წიგნი 2018 წელს გამოიცა, მაგრამ დღემდე არავის უთმობს პოპულარობას. ბევრისთვის კარგად ნაცნობმა რეჟისორმა სადებიუტო ნაწარმოებით შეძლო, რომ არანაკლებ წარმატებული მწერალი გამხდარიყო: სათავგადასავლო რომანი მზე, მთვარე და პურის ყანა ყველა ასაკის მკითხველს თანაბრად აღაფრთოვანებს და მის მიმართ ინტერესი არა თუ ნელდება, არამედ პირიქით — სულ უფრო და უფრო იზრდება.

1. შაშვი შაშვი მაყვალი — თამთა მელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წლის მთავარი ბესტსელერის ტიტული კი თამთა მელაშვილის რომანმა შაშვი შაშვი მაყვალი მოიპოვა, რომელიც გამოსვლის დღიდან მკითხველებში უზომო პოპულარობით სარგებლობს. თანამედროვე ქართული ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანეს ავტორს ბევრი კარგად იცნობდა წიგნით გათვლა, თუმცა მისი ეს რიგით მესამე რომანი კიდევ უფრო მეტი მკითხველისთვის გახდა ნამდვილი აღმოჩენა და ცოტა ხნის წინ პრემია საბაც გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო რომანს.

აღსანიშნავია, რომ რომანის მიხედვით მალე სრულმეტრაჟიან ფილმსაც გადაიღებენ.