ექსპრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა და მიხეილ სააკაშვილის სანახავად შეშვებას ითხოვს. მისი ინფორმაციით, სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიყვანეს და რუსთავის ციხეშია.

"უნდა ვნახო პატიმარი როგორ მდგომარეობაშია, როცა მე ის ვნახე ბოლოს, იქ მეჩვენა, რომ არ იყო კარგად, კი არა, იყო ძალიან ცუდად. მე არ ვიცი ამ ტრანსპორტირების მერე რა ექსცესური ვითარება იყო არ იყო, მე უნდა ვნახო, რომ პატიმარი ცოცხალია", — განაცხადა მან ციხესთან.

ამ დროისთვის გვარამია პენიტენციური სამსაურისგან დასტურს ელოდება. გარდა ამისა, ენმ-ის წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, რუსთავის ციხესთან მისვლას აპირებს ომბუდსმენის წარმომადგენელიც. ადგილზე შეკრებილი არიან სააკაშვილის მხარდამჭერები.

რამდენიმე საათის წინ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან გაიყვანეს. გვარამიამ დაწერა, რომ სააკაშვილი გაიტაცეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.

ექსპრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ინფორმაცია სავარაუდო გადაყვანაზე ადგილობრივებისგან მიიღეს, რომლებიც პროცესს შეესწრენ. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ უცნობია, სად გადაჰყავთ სააკაშვილი, მაგრამ ივარაუდა, რომ ის რუსთავის ციხეში მიჰყავთ.

გორის ჰოსპიტალთან მყოფი მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და პოლიცია, რომლებმაც ტერიტორია დატოვეს. გარდა ამისა, მთავარი არხის ინფორმაციით, რუსთავში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მანქანები შევიდა. ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ გაავრცელა კადრები, რომლებშიც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში შეყვანა ჩანს.

უწყებას ამ დროისთვის განცხადება არ გაუვრცელებია. On.ge ცდილობს დაკავშირებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან, მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

საღამოს სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტის მკურნალობაზე უარი თქვა, მას ექიმი არ ჰყავდა.

საბა ბრაჭველმა განაცხადა, რომ 27 დეკემბერს ექსპრეზიდენტს ახალი დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენის ჯგუფის ექიმები ახალ დიაგნოზს შეაფასებენ, გადაწყვეტენ, რამდენად იძლევა ის პაციენტის სხვა დაწესებულებაში გადაიყვანის შესაძლებლობას. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა სხვადასხვა სამედიცინო პროფილის წარმომადგენელთან შეხვედრა მოითხოვა.