სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. უწყების განცხადებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას.