ილონ მასკს ახალი მტერი ჰყავს.

ამერიკელი სენატორების, სხვა მაღალჩინოსნებისა და მილიარდერების ეპიცენტრში მოხვედრის შემდეგ, მასკმა უფრო დიდი მტერიც იპოვა — მთელი ჩინეთი. ეს მგონი მასკისთვისაც კი ბევრია.

ჩინეთმა სულ ახლახანს გაეროს აცნობა, რომ მათ კოსმოსურ სადგურს, Tianhe-ს, წელს ორი იძულებითი მანევრის შესრულება მოუწია, რათა SpaceX-ის Starlink-ის სატელიტებთან შეჯახება აერიდებინა თავიდან. შემთხვევები პირველ ივლისსა და 21 ოქტომბერს დაფიქსირდა.

ოფიციალურმა პეკინმა ხაზგასმით მიუთითა გაეროს გარე სივრცის ხელშეკრულებაში (Outer Space Treaty) შემავალ მეხუთე თავზე, რომლის მიხედვითაც ღია კოსმოსში ქცევის წესები რეგულირდება. მეხუთე თავში აღნიშნულია, რომ ქვეყნები, რომლებიც კოსმოსში გადიან, ვალდებულნი არიან შეატყობინონ სხვებს გაუთვალისწინებელი საფრთხეების ან უბრალოდ ისეთი გადაადგილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სხვა ქვეყნის ასტრონავტებს.

ამით ჩინეთმა ილონ მასკს მიუთითა, რომ მისმა სატელიტებმა ჩინელ ასტრონავტებს შეუქმნა საფრთხე.

პრობლემის წარმოქნის მიზეზი ექსპლუატაციიდან გამოსული ორი სატელიტი გახდა. სატელიტები ქვედა ორბიტაზე დაეშვნენ, რათა დედამიწის ატმოსფეროში შემოსულიყვნენ და დამწვარიყვნენ. ეს რეგულარული პროცესია. ძველ სატელიტებს ჩანაცვლება ხშირად დასჭირდება.

აღსანიშნია ისიც, რომ ჩინური ანტი-სატელიტური რაკეტების ტესტირებების გამო მსგავსი საფრთხისშემცველი თავდაცვითი მანევრების შესრულება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურსაც მოუწია. თუმცა, ჩინეთის მიერ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ადმიანებმა დედამიწის ორბიტაზე უკვე საკმაოდ ბევრი ნაგავი მოახვედრეს.

სტარლინკის სატელიტების ასეთმა გადაადგილებამ პროტესტი ჩინეთის მოსახლეობაშიც აღძრა. ჩინურ სოციალურ ქსელ, Weibo-ში მომხმარებელთა ნაწილმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ თუ მსგავსი მიზეზით შეჯახება მოხდება, ეს იქნება უდიდესი დანაკარგი კაცობრიობისთვის და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი კომპანიის კომერციული მიზნების გამო მოხდება.