2013 წლის 17 მაისიდან თითქმის 9 წელი გავიდა, ჰომოფობია კი ქვეყანაში კვლავ მძიმე პრობლემად რჩება. მეტიც, ის ხშირად წახალისებულია მაღალჩინოსნების მიერ და ამაზე მეტყველებს 2021 წლის 5 ივლისიც. 5 ივლისამდე დიდი გზა გავიარეთ, თუმცა ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ — ადამიანები ქუჩაში კვლავ გამოდიან სიყვარულის წინააღმდეგ და აღვივებენ სიძულვილს, თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან მათ, ვინც არ მოსწონთ და ხელისუფლება ამას არ უყურებს, ან უყურებს და ახალისებს.

2013 წლის 17 მაისს რამდენიმე ლგბტ ორგანიზაციამ ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია დაგეგმა. პერფორმანსი უნდა ყოფილიყო, ადამიანებს მშვიდობიანად უნდა გაეპროტესტებინათ ჰომოფობია და თანასწორობის მნიშვნელობაზე ესაუბრათ. შსს-სთან ყველაფერი შეთანხმებული იყო და გარანტიებიც მიიღეს, რომ აქციას ჩაატარებდნენ.

საპატრიარქოს, სასულიერო პირების მიერ დაგეშილი ადამიანები რუსთაველის გამზირზე 16 მაისიდან შეიკრიბნენ. მრევლი პარლამენტთან ჭინჭრებით განლაგდა.

"ფეხებში უნდა მოვცხო. რატომ და მართლმადიდებლურია ჭინჭარი და არა ტყვია", — ამბობდა ერთ-ერთი მონაწილე რადიო თავისუფლებასთან.

ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

ტყვია არ ჰქონდათ, თუმცა ქვები, მუშტები, ნაგვის ურნები, ტაბურეტები და ხელში მოხვედრილი ყველა ნივთი ისროლეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილს გმობდნენ, ძალადობას და ჰომოფობიას აპროტესტებდნენ.

პოლიციის კორდონი გაირღვა, ხელისუფლება კი უყურებდა, როგორ დაარბიეს მშვიდობიანი მოქალაქეები, როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად. დაპირებული გარანტიები მხოლოდ ყვითელი ავტობუსებით აქტივისტების გადაყვანა აღმოჩნდა, ზოგ შემთხვევაში ჰომოფობი მძღოლით.

2021 წლის 16 იანვარს ადამიანის ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო უპრეცედენტო ძალადობა ლგბტ დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოსთან შეთანხმებით. საქართველოს 35 ადამიანისა და ორი ორგანიზაციისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება დაეკისრა — ჯამში 193 500 ევრო. სტრასბურგის სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა, დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება დისკრიმინაციასთან ერთობლიობაში.

"რეალობისა და რისკის მასშტაბის სრულად გაცნობიერების მიუხედავად, იმის ნაცვლად რომ უფრო ეფექტიანი ზომები მიეღო და აპლიკანტებს მშვიდობიანი დემონსტრაციის გაგრძელების საშუალება ჰქონოდათ, პოლიციამ ისინი ადგილიდან გაიყვანა. ეს დამოკიდებულება მიანიშნებს, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩატარების უზრუნველყოფისთვის მიღებული ზომები ხელისუფლების პრიორიტეტი არასოდეს ყოფილა", — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

იმ აქციაზე მყოფ ადამიანებს 17 მაისი არასდროს დაავიწყდებათ. ბევრი დღემდე ებრძვის ტრავმებს, რომლებიც ამ დარბევამ დაუტოვა. სტრასბურგის გადაწყვეტილება მათთვის ერთგვარი შვება იყო — სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ სახელმწიფომ მათი უფლებები არ დაიცვა, რომ მათი უფლებები დაირღვა და ისინი "დამნაშავეები" კი არა, დაზარალებულები არიან.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დღეს აქციაზე იყო და დაზარალდა, დაზარალებულებს შორის არ არის. ზოგი ამბობს, რომ იურისტებთან ყველა პროცედურა გაიარა და უკვირს, რატომ არ გაიგზავნა მისი სარჩელი, ზოგს კი მიაჩნია, რომ იმ სტრესის შემდეგ, რაც მათ გადაიტანეს, შეიძლება თავად არ ეფიქრათ სტრასბურგში წასვლაზე, მაგრამ როცა აქციის ორგანიზატორები სარჩელს ამზადებდნენ, მისთვისაც უნდა ეთქვათ.

სტრასბურგის სარჩელზე ოთხი ორგანიზაცია მუშაობდა და საქმე სასამართლოში ორ ნაწილად გაიგზავნა — იდენტობის და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) სახელით. როგორ გაირკვა, ორივე ორგანიზაიამ აიღო პასუხისმგებლობა იმ ადამიანების სამართლებრივ დახმარებაზე, რომლებიც უშუალოდ მათ მიიწვიეს აქციაზე. WISG-ის შემთხვევაში ეს ვაჩნაძის ქუჩაზე, ყვითელ მიკროავტობუსში მყოფი პირები იყვნენ. რაც შეეხება თავისუფლების მოედანზე მყოფ ადამიანებს, როგორ ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით მიხეილ შუბლაძე On.ge-სთან იხსენებს, ისინი იქ იდენტობისა და ლგბტ საქართველოს ერთობლივი ორგანიზებით მიიწვიეს.

სტრასბურგის სასამართლოს სარჩელის მომზადების პროცესში დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა, WISG-ს კი ბრიტანული ორგანიზაცია ესაკი.

რას ამბობენ ადამიანები, რომლებიც დაზარალებულთა შორის არ არიან

დავით მიხეილ შუბლაძე 17 მაისის აქციის ორგანიზებაში იყო ჩართული. იხსენებს, რომ მაშინ ლგბტ საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი იყო და იდენტობასთან და WISG-თან ერთად აქციას ისინი აორგანიზებდნენ. როგორც შუბლაძე ამბობს, ყველა ნაბიჯს სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად დგამდნენ და პირობა მიიღეს, რომ აქციის ჩატარებას შეძლებდნენ.

შსს-სთან ჩართულობისას ყველა შეხვედრას ვესწრებოდი და იმჟამინდელ შს მინისტრის მოადგილესთან, აჩიკო თალაკვაძესთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა, უპირობო და უკომპრომისო გარანტიებიც მივიღეთ მათგან, კონკრეტულად კი აჩიკოს დაპირება იყო, რომ ჩვენ მოგვეცემოდა საშუალება კონსტიტუციის გამოყენებისა და კანონის სრული დაცვით ჩვენი აქცია შედგებოდა და სახელმწიფოც გვერდით დაგვიდგებოდა

დავით მიხეილ შუბლაძე

შუბლაძე ამბობს, რომ გარდა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისა, ჩართული იყო აქციის მონაწილეების სიების შედგენაში, მედიასთან ურთიერთობასა და სხვა საორგანიზაციო საკითხებში.

მისივე თქმით, 17 მაისის შემდეგ დაკითხეს გამომძიებლებმა, იყო სასამართლოში და ყველა ის საშუალება გამოიყენა, რაც ასეთ დროს დაზარალებულმა შეიძლება გამოიყენოს.

შუბლაძე იხსენებს, რომ ორგანიზატორებმა სტრასბურგის სარჩელზე ფიქრი მაშინვე დაიწყეს, რადგან დრო ცოტა იყო. პირველ რიგში, ადგილობრივ დონეზე ყველა სამართლებრივი ბერკეტი უნდა ამოწურულიყო და მერე სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაეგზავნათ. ის გვიყვება დეტალებს:

მიუხედავად ყველაფრისა, მიხარია, რომ სტრასბურგის ვერდიქტით დამტკიცდა, რომ საქართველოს აქვს სამარცხვინო მართლმსაჯულება, ქართველი იუსტიცია მართლაც შერჩევითად იჭყიტება თვალსახვევიდან და როცა უბრძანებენ ან როცა უნდა მაშინ ხედავს დანაშაულს

დავით მიხეილ შუბლაძე

"WISG-მა გადაწყვიტა, რომ იდენტობას გამიჯნოდა და დამოუკიდებლად ემუშავა სტრასბურგის სარჩელზე, რადგან კონკრეტულად ირაკლი ვაჭარაძეს (იდენტობის მაშინდელი ხელმძღვანელი) ედებოდა ბრალი იმაში, რაც მოხდა ვაჩნაძის ქუჩაზე — მან დროულად არ გააფრთხილა მონაწილეები, რომ შეკრების დრო შეიცვალა და მოხდა ის, რაც მოხდა. იმ ცხოველური აქტის არიდება შესაძლებელი იქნებოდა, ბატონი ვაჭარაძე თუ გამოიჩენდა მეტ გულისხმიერებას და შეატყობინებდა WISG-ის მხარეს. ხოლო ლგბტ საქართველოს და იდენტობას ერთად უნდა ემუშავა დარჩენილი მონაწილეების სარჩელზე, რომელიც საბოლოო ჯამში ჯგუფური სარჩელის სახით წავიდოდა სტრასბურგში. 3-4 იურისტი მუშაობდა სარჩელის შედგენაში. მათ შორის ერთ-ერთი ნინო ბოლქვაძე, რომელიც იდენტობის საშტატო იურისტი იყო. მას ევალებოდა მონაწილეებთან კომუნიკაცია და მასალის დამუშავება-შეგროვება. რამდენჯერმე ვნახე კიდეც სარჩელის სამუშაო ვერსია და კონკრეტულად ნინოსგან და ირაკლისგან მივიღე დაპირება, რომ როცა მზად იქნება სარჩელი, ხელს მოვაწერდით, მე, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დანარჩენი აქტივისტებიც".

დათო ამბობს, რომ პირადად მას სტრასბურგის სასამართლოს არც ვერდიქტით და არც კომპენსაციით არაფერი მოემატება, თუმცა ის, რაც მოხდა, საწყენია.

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

"არ მგონია ნახოთ ადამიანი, ვისაც იმ სტრესს და ტრავმას აუნაზღაურებ რამით. თუმცა ჩემი სახელისა და გვარის ვერ ნახვა მხოლოდ იმის დასტურია, რომ კონკრეტული პირები ცდილობდნენ ხელის მოთბობას და ისტორიის შეცვლას. ჩემ გარდა ავადსახსენებელ სიაში არ მოხვდა დაახლოებით 40 ადამიანი. ზოგმა თავად განაცხადა უარი სიაში მათი სახელები მოხვედრილიყო, ზოგისთვის კი ნამდვილად პრინციპული საკითხი იყო დაფიქსირება. რაც მოხდა ამ სიებზე, არის უბრალოდ კიდევ ერთი დასტური, რომ ამ საქმეში იყვნენ ჩართული ძალიან ცუდი ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ტრავმებითა და ტრაგიკული ისტორიებით სახელი მოიხვეჭეს, როგორც ე.წ. უკომპრომისო უფლებადამცველებმა — ზოგს საკუთარი საადვოკატო პრაქტიკის დასაწყებად გამოადგა ეს "უკომპრომისობა" და ზე-დაზარალებულობა და მეწამულის მანტიით დადის დღესაც, ზოგმა კი უბრალოდ ფინანსური სარგებელი ნახა ამ ყველაფრიდან და გაქრა აქტივიზმის "რადარებიდან". მიუხედავად ყველაფრისა, მიხარია, რომ სტრასბურგის ვერდიქტით დამტკიცდა, რომ საქართველოს აქვს სამარცხვინო მართლმსაჯულება, ქართველი იუსტიცია მართლაც შერჩევითად იჭყიტება თვალსახვევიდან და როცა უბრძანებენ ან როცა უნდა მაშინ ხედავს დანაშაულს".

ანა მაისურაძე პირველია, ვინც საჯაროდ დაწერა, რომ 17 მაისს აქციაზე იყო, ისიც დაარბიეს, ყვითელ ავტობუსშიც იყო, მაგრამ დაზარალებულებს შორის ვერ მოხვდა.

"სახელმწიფომ მოგვატყუა და გაგვწირა, ხოლო ორგანიზაცია იდენტობამ ბოროტად გამოგვიყენა და მერე ფეხებზე დაგვიკიდა", — ამბობს ის.

ანა იხსენებს, რომ აქცია მდუმარე უნდა ყოფილიყო და მონაწილეებს ფერადი მაისურები სცმოდათ. მისი თქმით, იდენტობაში ხშირად დადიოდა და აქციაში ჩაერთო, როგორც მხარდამჭერი. იხსენებს, რომ შსს-ს მონაწილეობით დიდხანს მიმდინარეობდა დაგეგმვა, როგორ უნდა მომხდარიყო ყველაფერი მაქსიმალურად უსაფრთხოდ. მისი თქმით, არსებობდა გეგმა, ასევე, ლოკაციები, სად უნდა გადატანილიყო შეკრება, თუ პარლამენტის წინ ჩატარებაში ხელს შეუშლიდნენ.

"კონტრდემონსტრანტებმა წინა დღესვე დაიკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ვერც მოსწავლეთა სასახლესთან ჩავატარებდით. მეტროდან ამოვედი, გავიკითხე სად იყვნენ სხვები და აღმოვჩნდი პუშკინის სკვერში. ხალხი ჯერ იკრიბებოდა. ნაცნობები ვნახე და შადრევანთან დავსხედით სასაუბროდ. ამ დროს გავიგეთ ხმაური, გავიხედეთ და დავით შუბლაძე მორბოდა, გავრბივართო.

მე პოლიციისკენ წავედი. შუშის თვალებით დამხედეს და მიმითითეს მოედანზე მდგომი ავტობუსებისკენ. სამწუხაროდ, ვერ დავრბივარ (შშმ პირი ვარ). სანამ მივედი, პირველი ორი ავტობუსი გაივსო და გაასწრეს ბრბოს. მე ვისთან ერთადაც ვიყავი, ის ადამიანები დამეხმარნენ, თორემ ვერც გადავრჩებოდი. მძღოლი კარს არ გვიღებდა და არ უნდოდა ჩვენი აშვება, უკვე გადიოდა. ერთ-ერთმა გოგომ ძალით გააჩერა. ავედით და მერე კარს არ ხურავდა. ფაქტობრივად, ძალით დავახურინეთ. ამასობაში, ბრბო დაგვეწია. გვირტყამდნენ ჯოხებს და ქვებს, გვაგინებდნენ. ავტობუსში 5 გოგო ვისხედით. რაღაც მომენტში, ლესელიძეზე, ტაბურეტკა შემოარტყეს საქარე მინას და გაჩერდა ავტობუსი. ლამის გადაათრიეს მძღოლი. კადრებიც არსებობს მაგის. მერე არ მახსოვს საიდან, ახალგაზრდა მღვდელი ამოვიდა ავტობუსში. ერთ-ერთ ჩვენგანს ფოტოაპარატი ეჭირა და მოვატყუეთ, ჟურნალისტები ვართო. დაგვიჯერა და შიგნიდან აწყნარებდა ბრბოს, გაატარეთო. ასე ჩავედით ჭრელ აბანოებთან. მერე სამშვიდობოზე გასულებმა, ვუთხარით, რომ არ ვიყავით ჟურნალისტები და ეს რომ გაიგო, გააჩერებინა მღვდელმა და ჩავიდა. მძღოლმა ჩვენც, ფაქტობრივად, ჩამოგვყარა", — იხსენებს ანა.

ის ამბობს, რომ მიუხედავად გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმისა, არცერთ ეტაპზე უკან არ დაუხევია — იყო პოლიციაშიც, შეხვდა პროკურორსაც და მივიდა სასამართლოზეც.

ანა მაისურაძე ყვითელ ავტობუსში, 2013 წლის 17 მაისი

"იდენტობის იურისტმა, ნინო ბოლქვაძემაც დამკითხა და ვიცოდით, რომ საქმე მზადდებოდა სტრასბურგში გასაგზავნად. ასევე, დაკითხეს ბევრი სხვაც. ამ დღეებში კი აღმოვაჩინეთ, რომ დაზარალებულთა ნახევარი და შეიძლება მეტიც არ ვართ დაზარალებულთა სიაში. ჩემთვის ეს იყო უსიამოვნო შოკი. არ დაგვიძახეს [სარჩელზე] ხელის მოწერაზე. იმ მომენტში ამას სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ, რადგან არც პროცედურები ვიცოდით ზედმიწევნით. აშკარა დაზარალებულები, რომლების შესახებაც ყველამ იცოდა, როგორ ვიფიქრებდით, თუ არ ვიქნებოდით სიაში. პოსტტრამვული სტრესისა და შფოთვითი აშლილობის ფონზე რთულია ყველაფერი აკონტროლო", — ამბობს ანა.

იდენტობაში ხშირად დადიოდა და 17 მაისის აქციაში მონაწილეობდა თინა თაყაძეც. რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა, თუმცა ხალხის დიდი რაოდენობის გამო, სხვა გზიდან წასვლა გადაწყვიტა და ვაჩნაძის ქუჩაზე მოხვდა. აქ სხვა აქტივისტებთან ერთად ყვითელ მიკროავტობუსში აღმოჩნდა.

"საპატრიარქოს მიერ დაგეშილმა მოძალადეებმა მარშუტკაში მყოფი ხალხისთვის ჯოჯოხეთი მოაწყვეს. რაც ხელში მოხვდებოდათ, ყველაფერს გვესროდნენ. ყველა მინა ჩალეწეს, ნაგვის ბუნკერი თუ ადამიანები ზედ ეცემოდნენ მარშუტკას. მათი ამოცანა ჩვენი დასჯა იყო, ამის კურთხევაც ჰქონდათ და თავად სასულიერო პირები აქტიურად ცდილობდნენ დაეძაბათ ვითარება. საშინელება გამოვიარეთ", — იხსენებს თინა.

დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. პოლიციამ გამოჰკითხა და მანაც ყველაფერზე ისაუბრა. იმის გამო, რომ სამართალი საკუთარ ქვეყანაში ვერ იპოვა, სხვებთან ერთად სტრასბურგში დავა გადაწყვიტა.

დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი გონებიდან ამომეშალა არაადამიანური ხმები და გამხეცებული სახეები. როგორც იქნა შევასუსტე ეს საშინელი შეგრძნება — მოგონებები, მაგრამ ახლა, იმაზე მეტად შელახა ჩემი ღირსება ჩვენმა "უფლებადამცველმა", რომ იძულებული ვარ, თვალები დავხუჭო და ყველაფერი აღვიდგინო რაც იმ დღეს მოხდა

თინა თაყაძე

"დამიკავშირდა ნინო ბოლქვაძე, იდენტობის იურისტი და მითხრა რომ მასალებს აგროვებდა სტრასბურგისთვის და მკითხა, მსურდა თუ არა, მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი და გამომკითხა. მიიღო ჩემგან ჩვენება, რომელიც მეგონა, რომ გააგზავნა".

ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად ესმის, რომ მისი უფლებები არ დარღვეულა, რომ "პროპაგანდას" ეწეოდა.

"დაზარალებულებად კი არა, დამნაშავეებად გამოგვიყვანა საზოგადოების დიდმა ნაწილმა. საპატრიარქომ სოდომ-გომორის ცოდვის გავრცელებაში დაგვადანაშაულა, თითქოს ვირუსია ჰომოსექსუალობა და ვავრცელებდით. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი იყო სტრასბურგს ეთქვა, რომ ჩვენ დამნაშავეები კი არა, დაზარალებულები ვართ, რომლებსაც თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ცხოვრება არ შეგვიძლია".

თინას ვკითხეთ, რატომ არ მიმართა სტრასბურგის სასამართლოს WISG-თან ერთად, რომელიც ვაჩნაძის ქუჩაზე მყოფ აქტივისტებს წარმოადგენდა. ის ამბობს, რომ აქციაზე იდენტობის ორგანიზებით წავიდა და დარბევის შემდეგაც სამართლებრივ საკითხებზე სწორედ იდენტობის იურისტი დაუკავშირდა.

ვისაც 2013 წლის 17 მაისი ახსოვს, ახსოვს გიორგი კიკონიშვილიც. ის აქციაზე დასასწრებად მივიდა, მალევე მრევლმა კორდონი გაარღვია და შემდეგ გიორგიც ყვითელ ავტობუსში აღმოჩნდა. ის დაზარალებულთა ჩამონათვალში არ არის.

გვეუბნება, რომ უშუალოდ 17 მაისის აქციის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შეუერთდა, რადგან ორგანიზატორებთან ძველი კონფლიქტის მიუხედავად, მიიჩნევდა, რომ იქ პირველ რიგში საჯარო სივრცეში არსებობის ღიად დასაფიქსირებლად და ერთმანეთის დასაცავად იკრიბებოდნენ.

ადგილიდან დაძრულ, დანჯღრეულ ყვითელ ავტობუსს, ამჯერად ჩვენი გადარჩენის ნიშანს, ჯერ კიდევ გარს ეხვეოდნენ ადამიანები, წიხლებს ურტყამდნენ, გვაგინებდნენ. მახსოვს ფოტოგრაფი, რომელმაც ჯერ ფოტოები გადაგვიღო და მერე ავტობუსის ფანჯარას ზუსტად ჩემს სახესთან მოაფურთხა, ქვების ხმებიც მახსოვს, რომელიც ავტობუსის ფანჯრებსა და კედლებს ეხეთქებოდა. საევაკუაციოდ გადაკეტილი ლესელიძე მთელი სისწრაფით ჩავიარეთ, ქუჩა სავსე იყო კაფეებიდან, სახლებიდან და მაღაზიებიდან გამოსული ადამიანებით, რომლებიც ხელებს იშვერდნენ ჩვენკენ, მაგრამ რას ყვიროდნენ, ყურადღება აღარ მიმიქცევია, უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ყურადღება მიიქცია მხოლოდ ერთმა ბიჭმა, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ორთაჭალამდე სირბილით მოსდევდა გაქანებულ ავტობუსს. რა უნდოდა, რატომ გაწია ამხელა შრომა, ვერავინ მივხვდით.

ამონარიდი გიორგი კიკონიშვილის ბლოგიდან: 16, 17, 18 მაისი - ადამიანური ტრაგედიების 3 დღე

გიორგი კიკონიშვილი ამბობს, რომ 17 მაისის საქმის სამართლებრივი წარმოებისას არავინ დაჰკავშირებია, თავისი ინიციატივით კი ამაზე სტრესის გამო არ უფიქრია.

"ჩემი ინიციატივით, სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, იმდენად მძიმე იყო ტრავმა, რომელთან გამკლავებასაც თავდაპირველად თვეები, მოგვიანებით კი წლები დასჭირდა. მეტიც, მხოლოდ ახლა, როდესაც რეტროსპექტულად ვუყურებ მოვლენებს, ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ დროს არამხოლოდ იურიდიული, არამედ პირველ რიგში ფსიქოლოგიური დახმარების შემოთავაზება 17 მაისს იქ მდგომი ყველა ადამიანისთვის. არც ამაზე უფიქრია ვინმეს და ალბათ ასაკის და გამოუცდელობის ბრალი იყო, რომ თავადაც ვერ ვხვდებოდი ფსიქორეაბილიტაციის აუცილებლობას. ამის საჭიროებას მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, მას შემდეგ, რაც როგორც იქნა, გავხსენი ეს ჩაკეტილი კვანძები და ტრავმები ჩემს გონებაში, როცა ტრავმა უკვე იმ წარსულის ნაწილად იქცა, რომელთან ერთად ცხოვრებაც დისკომფორტს აღარ მიქმნიდა და დავიწყე ფიქრი, რომ ჯანდაბას, რაც მოხდა, მოხდა", — ამბობს გიორგი.

გიორგი კიკონიშვილი ყვითელ ავტობუსში. 2013 წლის 17 მაისი.

ფოტო: REUTERS/დავით მძინარიშვილი

კიკონიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს და ყველას ულოცავს — იმათ, ვინც სიაში მოხვდა და ვინც არ მოხვდა.

"ამ დღის მონაწილეებმა ყველაზე კარგად ვიცით, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ბევრს შეიძლება არაფერს ცვლის, მაგრამ სიმშვიდეს მაინც გგვრის, რომ სადღაც ვიღაცამ აღიარა ამ დღის სიმძიმე და უსამართლობა, სადღაც მაინც დადგა სამართალი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვერ მოვიპოვეთ. არამხოლოდ ვერ მოვიპოვეთ, არამედ, მის მოპოვებაში, როგორც აღმოჩნდა, თურმე თავად ამ სარჩელის ავტორ ორგანიზაციას და მის იურისტსაც კი არ აინტერესებდა ჩვენი ბედი", — ამბობს გიორგი.

რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულად ცნო

On.ge ესაუბრა იმ ადამიანებსაც, რომლებიც დაზარალებულთა შორის არიან. ნათია გვიანიშვილის გვიყვება, რომ 17 მაისის შემდეგ თავად მიმართა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (WISG) და სთხოვა, რომ თუ სამართლებრივ დავას დაიწყებდნენ, მისთვის იურიდიული დახმარება გაეწიათ.

მისი თქმით, WISG-ის ადვოკატს მისცა ჩვენება და როცა ცხადი გახდა, რომ ადგილობრივად სამართალს ვერ იპოვიდნენ, მომზადდა სტრასბურგის სარჩელი, რომელშიც ღიად მონაწილეობას დათანხმდა. ნათია იხსენებს, რომ ამ პერიოდში უკვე ამ ორგანიზაციის თანამშრომელიც გახდა და კიდევ უფრო ლოგიკური იყო, რომ მისი სამართლებრივი დახმარება სწორედ WISG-ს გაეგრძელებინა.

აქტივისტი წუხს იმ ადამიანების გამო, რომლებიც დაზარალებულთა შორის ვერ მოხვდნენ და მიიჩნევს, რომ ასე არ უნდა ხდებოდეს. ამაზე საუბარი უჭირს, რადგან, მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც სარჩელში არ არიან, სამართლებრივ დახმარებას WISG-ისგან არ იღებდნენ, იდენტობასთან კი ამ პერიოდში უშუალო კავშირი არ ჰქონია.

ისეთი ადამიანები დარჩნენ ამ სარჩელს მიღმა, რომ მე მრცხვენია ამ სიაში ყოფნა.

შორენა გაბუნია

"ასევე, სარჩელის მომზადების პროცესში ერთი ადვოკატი მეორეს დისკრეციაში ვერ და არ ჩაერეოდა და ორგანიზაციულ დონეზეც ასე იყო. მეორე მომენტი კიდევ ისაა, რომ ყველა დაზარალებული შეიძლება არ დათანხმებულიყო (და რამდენიმე შემთხვევაში აქაც ასე იყო) საერთოდ სამართლებრივ დავაში ჩართვას, განსაკუთრებით ისეთ საქმეში, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებს ეხება, რადგან ღიაობა რისკებთანაა დაკავშირებული. ამის სხვა მიზეზებიც შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა. ამიტომ მე, როგორც ადამიანი, რომელსაც იდენტობას მიერ წარმოებულ პროცესთან არ მქონდა კავშირი, ვერ ვიტყვი ვის დაუკავშირდნენ, ვის არა, ვინ უარი თქვა და ვინ გამოირიცხა პროცესიდან და რა მიზეზით. მე შემიძლია მხოლოდ ვენდო ამ ადამიანებს და იმედი დავიტოვო, რომ ისინი შეძლებენ იმის გარკვევას, თუ რა მოხდა კონკრეტულ ადვოკატთან, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე და მათთან ურთიერთობდა", — ამბობს ნათია.

შორენა გაბუნია

დაზარალებულთა სიაში არის შორენა გაბუნიაც, რომელიც ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი იმ პერიოდში მისი იდენტობაში მუშაობაა. არგუმენტად შორენა ასახელებს 2012 წლის 17 მაისის საქმეს სტრასბურგში, სადაც, მისი თქმით, "არავის გაახსენდა", რადგან მაშინ ორგანიზაციის თანამშრომელი არ იყო.

შორენას თქმით, არ ახსოვს როგორ ხდებოდა აქციის მონაწილეებთან კომუნიკაცია 17 მაისის შემდეგ, თუმცა დასძენს, რომ მათი დიდი ნაწილი იდენტობაში ხშირად დადიოდა.

"რომ სცოდნოდათ, რომ იდენტობას არ შეაქვს სარჩელი მათი სახელით, სხვებს მიაკითხავდნენ და 100%-იანი მოგებული საქმე იყო, ეჭვი არავის გვეპარებოდა მაგაში. იხვეწებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩაგვრთეთ და დაგეხმარებითო. ისეთი ადამიანები დარჩნენ ამ სარჩელს მიღმა, რომ მე მრცხვენია ამ სიაში ყოფნა. სიაში მყოფი ზოგიერთის სახელი არ გამიგია და სახეზე ვერ ვცნობ, არადა, ყველა ვიცი, ვინც ჩვენი ორგანიზაციიდან გავიდა აქციაზე. მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა. უსამართლობის განცდა არის ყველაზე მძიმე ჯვარი, რაც ამ საქმეს გასდევს და ძალიან მწყდება გული, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩემ თვალწინ დაზარალდნენ, თითქოს არც არსებობენ. მაგალითად, შუბლაძე. მე მისგან გავიგე, რომ კორდონი გაარღვიეს. თვალებიდან არ გამომდის, როგორ მორბის და ყვირის, რომ შევიდეთ დროულად ავტობუსში. აქ მხოლოდ კომპენსაციაზე არ არის საუბარი", — ამბობს შორენა.

კიდევ ერთი დაზარალებული, ბექა ბუჩაშვილი გვიყვება, რომ როცა ძალადობრივი ჯგუფები მისდევდნენ, მან და მისმა მეგობარმა თავი ერთ-ერთ სუპერმარკეტს შეაფარეს, შემდეგ კი პოლიციამ კონსულტანტის ფორმაში ჩაცმული გაიყვანა. ბექა სტრასბურგის სიაში არის, მისი მეგობარი კი არა. თუმცა არ იცის, მან თავად თქვა თუ არა უარი მონაწილეობაზე.

"მეც მექნებოდა უსამართლობის გრძნობა", — დასძენს ის.

ამბობს, რომ რადგან 2017 წლიდან დიდი დროა გასული, დეტალები არ ახსოვს, თუმცა იდენტობაში ხშირად დადიოდა, სტრასბურგის სარჩელის შესახებაც იქ გაიგო და ხელიც იქ მოაწერა. მანამდე იყო გამოკითხვებზე პოლიციაში, გამოიძახეს სასამართლოშიც.

"იმხელა იმედგაცრუება იყო ახლა 5 ივლისს, რომ უკვე არც ვიცი, რამ მნიშვნელობა აქვს ამ მოგებას. ის ფულადი ანაზღაურებაც, რაც უნდა გადაგვიხადონ, ხალხის გადასახადებიდან იქნება და არა ღარიბაშვილის. შეიძლება კონკრეტული აქტივისტი ინდივიდუალურად გააძლიეროს, მაგრამ არ მაქვს იმედი, რომ სახელმწიფოს მიდგომებში შეცვლის რამეს. დადებითია ის, რომ ისტორიას შემორჩება ეს გადაწყვეტილება", — ამბობს ბექა.

რას ამბობენ იდენტობის წარმომადგენლები

17 მაისის საქმეზე თავდაპირველად დავუკავშირდით ირაკლი ვაჭარაძეს, რომელიც მაშინ იდენტობას ხელმძღვანელობდა. მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

რაც შეეხება ორგანიზაციის იმჟამინდელ იურისტს, ნინო ბოლქვაძეს, მან გვითხრა, რომ Facebook პოსტით ვიხელმძღვანელოთ.

"ჩემზე გადანაწილდა იმ აპლიკანტებთან მუშაობა, რომელთა განაცხადებს იდენტობა წაიღებდა. აპლიკანტების დასამობილიზებლად ჩატარდა არაერთი შეხვედრა იდენტობას ოფისში, რა დროსაც ვუხსნიდით შეხვედრაზე მოსულ ადამიანებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო განაცხადის წაღება ევროპულ სასამართლოში საზოგადოებრივი ინტერესის დონეზე და ასევე, კომპენსაციის მიღების შესაძლებლობის მხრივ. ვინც მსგავსი შეხვედრების შედეგად იჩენდა ინიციატივას და გამოთქვამდა სურვილს, მასთან ვაგრძელებდით მუშაობას. ასე მოგროვდა 20 ადამიანი", — წერს ნინო Facebook-ზე.

სასულიერო პირი "ტაბურეტით" ხელში. 2013 წლის 17 მაისი.

ფოტო: რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

იურისტი აღნიშნავს, რომ კონკრეტულად მას ევალებოდა აპლიკანტების გამოკითხვა, ჩვენების წერილობით ჩაწერა, მოწმეების გამოკითხვა, მათი ჩვენებების აღება, ჩაწერა, ასევე საქმის წარმოება ადგილობრივ დონეზე — საქართველოს პროკურატურაში მიმართვა აპლიკანტის სახელით, რა დროსაც ყველა აპლიკანტის შემთხვევაში ინდივიდუალური საჩივარი მომზადდა. გარდა ამისა, ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი ჩართულობა და როლი მოიაზრებდა გამოძიების დაწყების მოთხოვნასაც, ასევე, როდესაც გამოძიება დაიწყო, აპლიკანტების მობილიზებას, რომ ჩვენებების მისაცემად მისულიყვნენ.

იურისტის თქმით, მის მოვალეობებში იყო ფოტო, ვიდეო და სტატიების სახით არსებული მასალის შეგროვებაც, განაცხადის ფორმის შევსება, ყველა აპლიკანტის საკონტაქტო მონაცემების და ხელმოწერების უზრუნველყოფა და საქართველოში ლგბტქ თემის უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი მიმოხილვის მომზადება, ასევე, პროკურატურისადმი განმეორებით მიმართვა ეფექტური გამოძიების მოთხოვნით.

"კითხვაზე, რატომ მოვახერხე მხოლოდ 20 ადამიანის დამობილიზება, პასუხი ასეთია: როგორც გითხარით, ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც გამოთქვა სურვილი იდენტობას მიერ ორგანიზებული აქტივობების და მოწვევის შედეგად. რატომ არ ვეძებე ან და რატომ არ ვიმუშავე პირადად მე პროაქტიულად, რომ დამატებით ჩამერთო კიდევ სხვა დაზარალებულები იდენტობას მიერ გაგზავნილ განაცხადში — იმიტომ, რომ პირადად მე მეტი აპლიკანტის საქმის მომზადებას ვერ მოვახერხებდი ფიზიკურად და ვერც მოვასწრებდი. ეს არ არის მხოლოდ "სიაში ჩაწერა" — ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, რომელსაც სჭირდება დროის დიდი რესურსი. მე იმავდროულად ვმუშაობდი ორგანიზაცია იდენტობას იურისტად, მქონდა მიმდინარე 30-მდე საქმე, + ყოველდღე მირეკავდნენ ყველა მხრიდან თემის წევრები დახმარების თხოვნით. თვეების განმავლობაში ვმუშაობდი ყოველგვარი დასვენების დღეების და საათების გარეშე. ევროპულ სასამართლოში განაცხადის გაგზავნის დრო შეზღუდულია — ინციდენტიდან მომდევნო 6 თვეში უნდა გაიგზავნოს და ამ დროში აპლიკანტებმა უნდა მოასწრონ ადგილობრივი სამართლებრივი მექანიზმების ამოწურვა ანუ ადგილობრივ დონეზე დარღვევების გასაჩივრება. ამის გარეშე განაცხადის გაგზავნას აზრი არ აქვს, რადგან დაუშვებლად იქნება ცნობილი", — წერს ბოლქვაძე.

იურისტის თქმით, კონკრეტული ადამიანები მის დისკრედიტაციას ცდილობენ და მათი მოტივაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა, თუმცა საბოლოო შედეგი ქვიარ თემის საწინააღმდეგოდ მოქმედი ჯგუფებისთვის არის ხელსაყრელი.

"საბოლოო ჯამში, 8 იურისტი და 3 ორგანიზაცია იყო პროცესში ჩართული. როგორ მოხდა ისე, რომ არავის მიმართ არ დაისვა კითხვები და მხოლოდ ჩემ მიმართ, ისიც საჯაროდ და არა კითხვების, არამედ ბრალდებების ფორმით? ამასთან, ბრალმდებლები აპელირებენ საკუთარ უფლებებზე, როგორც დაზარალებულის უფლებებზე, მაგრამ ამავდროულად სრულიად აიგნორებენ ჩემს უფლებას, არ დავექვემდებარო ასეთ ორგანიზებულ ჯგუფურ თავდასხმას, რა დროსაც, რა თქმა უნდა, მე ვზიანდები", — წერს ნინო ბოლქვაძე.

ორგანიზაცია იდენტობა ახლა ფაქტობრივად აღარ არსებობს. თანამშრომლების მცირე ნაწილი ამჟამად წარმოადგენს იდენტობა Youth-ს, რომელიც ბათუმში და ქუთაისში ფუნქციონირებს. მათ 17 მაისის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ დაზარალებულთა ნაწილი სიაში არ არის.

ფოტო: გიორგი გოგუა/ლიბერალი

"მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ნებისმიერი ოდენობის თანხამ დააკომპენსიროს ის ტრავმა, რომელიც ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად მიადგათ ლგბტქი ადამიანებს 2013 წლის 17 მაისის შედეგად, ვწუხვართ, რომ ორგანიზაციულ-პიროვნული დაპირისპირებების გამო კომპენსაციის შესაძლებლობა წაერთვათ იმ ადამიანებს, ვისაც ასეთი სურვილი გააჩნდა. სახელმწიფოს მიერ ჩადენილი სისტემური ძალადობისა და დისკრიმინაციის დანაშაულებთან ერთად, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ მტკივნეულად შეგვახსენა ის მანკიერი პოლიტიკა — კონკურენცია; თემთან კომუნიკაციის ნაკლებობა; ვიწრო ორგანიზაციული ინტერესებით მოქმედება თემის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე და არაკოორდინირებული მუშაობა — რომელსაც სათემო ორგანიზაციების საქმიანობაში ჰქონდა ადგილი", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, იდენტობა Youth განმარტავს, რომ იდენტობის ბაზაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, თუმცა მისი მუშაობის პრაქტიკები განსხვავდება იდენტობის ხილვადობის პოლიტიკისგან და ემიჯნება მას, შესაბამისად, "პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს, ვინც მონაწილეობდა პროცესებში".

რას ამბობენ WISG-ში

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის იურისტი, ციალა რატიანი გვიყვება, რომ ორგანიზაციაში 17 მაისის მოვლენების შემდეგ მივიდა. მისი თქმით, WISG ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე იცავდა იმ ადამიანების ინტერესებს, რომლებიც ორგანიზაციამ მიიწვია აქციაზე, კერძოდ, ვაჩნაძის ქუჩაზე გაჭედილი მიკროავტობუსის მგზავრებს.

"მქონდა ინფორმაცია, ვინ იყო მიკროავტობუსში. ნაწილი იყო გამოკითხული. სიის მიხედვით ვეხმიანებოდი ხოლმე. პოლიციაში, სასამართლოში იყო გამოკითხვები სტრასბურგამდე. ხან მე ვურეკავდი, ხან სხვა ადამიანი ორგანიზაციიდან. ასე არ არის, რომ სია ჩამოწერო და სახელები გააგზავნო. იმათი ჩვენებები უნდა იყოს, მინდობილობები და ა.შ., შრომატევადი საქმეა. ზოგი ოფისში მოდიოდა, ზოგს სხვა არხებით ჰქონდა კომუნიკაცია. ზოგს ჩვენ ვეხმიანებოდით, ზოგი ერთმანეთს უკავშირდებოდა ჩვენი თხოვნით და ა.შ.", — ამბობს ის.

ციალა აღნიშნავს, რომ აქციაზე მყოფ სხვა ადამიანებს მათთვის დახმარებისთვის რომ მიემართათ, დაეხმარებოდნენ. მისივე თქმით, იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სტრასბურგისთვის მიმართვაზე უარი თქვეს. ის არ პასუხობს კითხვას, მათ შორის არიან თუ არა ისეთები, რომლებიც დღეს სიაში არყოფნის გამო პრეტენზიას გამოთქვამენ.

"ეს ძალიან კომპლექსური თემაა, რთული სამუშაო პროცედურები იყო. ძალიან სტრესული სიტუაცია იყო, შეიძლება იმ მომენტში ვერც იაზრებდნენ, რა მოჰყვებოდა ამ შეთავაზებას და სადამდე მივიდოდა სასამართლო გადაწყვეტილება. შეიძლება ვიღაცამ უარი თქვა და არც ახსოვს, ამასაც ვერ გამოვრიცხავ. ვიღაცა დაჟინებით ამბობს, რომ იყო და თუ იყო და ჩვენება მისცა, ცოტა ისეთი თემაა... როცა ადამიანს ტელეფონით ვუკავშირდები, თუ უარს მეუბნება, ვერ ვეტყვი, რომ გამოგიგზავნი დოკუმენტს და მომიწერე ამაზე ხელი. შეიძლება ტელეფონიც კი გათიშოს, გითხრას, რომ არ უნდა ამაზე საუბარი. ახლა ძალიან რთულია იმის მტკიცება, რომელიმე იურისტს გამორჩა, მიზანმიმართულად გამოტოვა თუ იმან თქვა უარი და სხვანაირად ახსოვს, ან სხვანაირად ამბობს. ეს 4 ვარიანტია. მაგალითად, იმის მტკიცებულება, რომ უარი განმიცხადეს, მე არ მაქვს. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებიც იქ ისე იყვნენ, რომ ორგანიზატორმა შეიძლება არ იცოდა. მეორე მხრივ, იქ არ იყო ათასი ადამიანი...", — ამბობს ციალა რატიანი.

რას ამბობენ საია-ში

საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, თამარ ონიანი განმარტავს, რომ როცა საქმეს რამდენიმე ორგანიზაცია აწარმოებს, უფლებამოსილებები და ვალდებულებები იყოფა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საიას ვალდებულება იყო საჩივრის შინაარსობრივი მომზადება და ევროპულ სასამართლოში მათთვის წარდგენილ ბენეფიციარებთან მიმართებაში დარღვევების დასაბუთება. მისივე თქმით, კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაცია საიას უფლებამოსილებებში არ შედიოდა.

ფოტო: გიორგი გოგუა/ლიბერალი

იურისტი მიუთითებს, რომ ადამიანმა თავდაპირველად ეროვნულ დონეზე უნდა სცადოს სამართლის პოვნა და თუ ვერ იპოვის, შემდეგ მიმართოს ევროპულ სასამართლოს. მისი განმარტებით, სტრასბურგის სარჩელისთვის მხოლოდ სიაში ჩასმა არ არის საკმარისი და საჭიროა მთელი რიგი პროცედურების გავლა. როგორც ონიანი ამბობს, ასე მოხდა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც სტრასბურგის სასამართლომ დაზარალებულად ცნო. კერძოდ, ის გვიყვება, რომ მომჩივნებმა თავდაპირველად მიმართეს თბილისის პროკურატურას, რათა დაწყებულიყო გამოძიება შეკრების თავისუფლების დარღვევისა და იმის გამო, რომ დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას, ასევე მოითხოვეს დაზარალებულად ცნობა. თამარ ონიანის თქმით, ნაწილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, ნაწილი კი არა.

"მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია, რომ ეს პროცედურები არ აკმაყოფილებდა სამართლიანობის აღსრულების მიზანს და იყო ფორმალური. ამავდროულად, მიმართეს პროკურატურას და მოითხოვეს იმ ქმედებების იდენტიფიცირება, რომლებიც საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობას ეხებოდა. აქ იყო პოლიციის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო, ასევე, კონკრეტული პოლიციელების მიერ მიზანმიმართული დახმარება და მხარდაჭერა ძალადობრივი ჯგუფებისა. ეს უპასუხოდ დარჩა, ამის შემდეგ, ნოემბერშიც იგივე მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა. 2014 წლის იანვარში პროკურატურისგან მიიღეს წერილი, რომ სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ცხადი იყო, რომ სახელმწიფო არ აპირებდა დასჯას, ჩანდა, რომ ეროვნულ დონეზე გამოძიება იყო არაეფექტიანი, შესაბამისად, მივმართეთ სტრასბურგს", — ამბობს იურისტი.

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადასახდელად სახელმწიფოს 3-თვიანი ვადა აქვს, თუმცა მას აქვს სხვა ვალდებულებებიც — შსს-ში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის სპეციალური დეპარტამენტის შექმნა, ამგვარი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა და სხვა რეფორმები. მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იტყვის, რამდენად აღასრულა საქართველომ ეს მოთხოვნები. თამარ ონიანი ამბობს, რომ როგორც წესი, ინდივიდუალურ ზომებს, ანუ ამ შემთხვევაში კომპენსაციას სახელმწიფო ასრულებს, თუმცა პრობლემურია რეფორმების გატარება.

ეს არ არის პირველი საქმე, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს ლგბტ აქტივისტებისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 2015 წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის დროს პოლიციამ გეი უფლებების დამცველთა მცირე ჯგუფი თავდასხმისგან სათანადოდ ვერ დაიცვა. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ინციდენტის ზედმიწევნით გამოძიება ვერ შეძლო.

17 მაისი ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა. მშვიდობიან აქტივისტებს რამდენიმე წელია არ ეძლევათ საშუალება გააპროტესტონ ჰომოფობია, მაშინ, როცა ძალადობრივი ჯგუფები ატარებენ აქციებს, სადაც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და კვლავ დაუსჯელები რჩებიან.