პარტია გირჩის წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეობის ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატს, შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, როდესაც თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს, იტყვის თუ არა მიზეზს. მეგრელიშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირები ისე მიდიან, რომ "კაცმა არ იცის როგორ ქრებიან".

"ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, თანამდებობიდან რომ მიდიან, კაცმა არ იცის როგორ ქრებიან და რატომ მიდიან. ახლა კი დაგვპირდით, რომ ორ თვეში გვეტყვით კუჭავა რატომ წავიდა, მაგრამ, ზოგადად, მემგონი არ არის ნორმალური. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ თემაზე, თქვენ რომ წახვალთ მაგას გვეტყვით თუ არა, პოლიტიკაში დარჩებით თუ არა და მეორე დღიდან, როცა წახვალთ, იტყვით თუ არა, რომ მე აღაფერი აღარ მეხებაო, არაფერ შუაში არ ვარო. მეორე პირი უნდა გახდეთ ამ ქვეყნის კანონმდებლობის, ისე არ ვიცი მერამდენე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მეორე პირი ჩემთვის, ხოდა ამ კითხვაზე პასუხი მინდა", — მიმართა მეგრელიშვილმა პაპუაშვილს.

შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს უპასუხა, რომ კახა კუჭავა არც გუნდიდან და არც მისი ცხოვრებიდან არ გამქრალა.

"ძალიან მიხარია ის თბილი სიტყვები, რაც თქვენგან ისმის კახა კუჭავას მიმართ. ვფიქრობ, ეს სამაგალითოა, როგორც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ისე ის ღირსეული თავმჯდომარეობა, რომელიც გაწია კახა კუჭავამ. კახასთან მე მაკავშირებს 20-წლიანი მეგობრობა, ამიტომ აქვე გეტყვით ბატონო ვახტანგ, ის არც ჩვენი გუნდიდან გამქრალა და მით უმეტეს, ჩემი ცხოვრებიდან არ გამქრალა. ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციის მხრიდან არის ასეთი დამოკიდებულება კახას მიმართ", — განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს პარლამენტში შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარედ დანიშვნას უყრიან კენჭს. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ შალვა პაპუაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა.