პარლამენტის თავმჯდომარეობის ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატის, შალვა პაპუაშვილმა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ეს წელი ყველაზე რთული იყო, მათ მაინც შეძლეს და "უკან დახევის გარეშე" ქვეყანაში სიმშვიდე შეინარჩუნეს.

ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლისას, პაპუაშვილმა რამდენიმე პრობლემას გაუსვა ხაზი, მათ შორის პანდემიას და განაცხადა, რომ ქვეყანამ, ერთი მხრივ, გადალახა კორონავირუსი რამდენიმე ტალღა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნა. მისივე მტკიცებით, ქვეყანაში სათანადოდ ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები, რომლითაც პოლიტიკური სტაბილურობისთვის "მყარი საფუძველი" შეიქმნა.

"ეს წელი დამოუკიდებლობის შემდეგ იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოება ერთდროულად იდგა ოკუპაციის, პანდემიის, ეკონომიკური გამოწვევებისა და თავს მოხვეული პოლარიზაციის წინაშე. მიუხედავად ამ ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობით შევინარჩუნეთ მშვიდობა უკან დახევის გარეშე, გადავლახეთ პანდემიის რამდენიმე მძიმე ტალღა. ქვეყნის ეკონომიკა დავუბრუნეთ პანდემიამდელ მდგომარეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სათანადო ჩატარებით შევქმენით მყარი საფუძველი ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისთვის", — განაცხადა მან.

პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკურად ურთულეს დროს პარლამენტს ღირსეულად უძღვებოდა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების წევრი და შესაბამისად, ქართველი ხალხის "უმრავლესობის ნების გამტარებელია", თუმცა დაამატა, რომ ამ პოსტზე ყოფნის დროს ის ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობისა და თანამონაწილეობის გარანტიც იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად ქართულმა ოცნებამ შალვა პაპუაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.