თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 24 დეკემბერს გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც ე.წ. დეზერტირების ბაზარში იპოვეს, არ იყო უსახლკარო. ის ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ კაცი გაიყინა არასწორია.

"ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ თურმე გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. პირველი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა არის ის, რომ სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოს მხრიდან მიღებული აქვს კონკრეტული ბინა. მისამართიც ვიცით, თუმცა ამაზე მე არ ვისაუბრებ, თავს შევიკავებ", — განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ამტკიცებს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანი უწყების დისკრედიტაცია იყო.