სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ე.წ. ტროლების და ბოტების "ქარხანა ამუშავდა". თოლორაია მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ხელისუფლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ მეთოდის გამოყენება მათ სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გადაწყვიტეს.

"სამართლებრივ და მორალურ ბრძოლაში რომ მარცხდები, ტროლების და ბოტების გამოყენებით შტურმი შემდეგ იწყება ხო? მინდა გაცნობით, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან ეს "ქარხანა" აქტიურად ამუშავდა.

წითელი ხაზები დიდი ხანია გადაკვეთილია, მაგრამ წითელი ხაზების კვეთასაც ხომ აქვს საზღვარი. როგორც ჩანს არც ამას აქვს. ვწუხვარ", — წერს თოლორაია სოციალურ ქსელში.

გუშინ, 28 დეკემბერს სამმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა. სხდომები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე, თოლორაიამ კანონპროექტი ნონსენსად შეაფასა და მის ავტორებს კრიტიკული კითხვებით მიმართა. მათ შორის, ინსპექტორმა მმართველი პარტიის დეპუტატებს იმ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა, თუ როდის და სად დაინახეს მათ პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მანვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა.

მსგავსი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებებიც. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში მიღებული ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისტორიაში "სანიმუშოდ" ჩაიწერება. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ უწყება საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებდა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად" ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

გაიგე მეტი: