სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტზე ვეტოს გამოიყენებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"დღევანდელ სხდომებს თუ გადავავლებთ თვალს, პროცედურებს, როგორც წარიმართა კომიტეტების სხდომებზე ეს განხილვები, მე, რა თქმა უნდა, მაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს. რაც შეეხება, საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, პირველ ყოვლისა, მას მინდა გადავუხადო მადლობა გუშინდელი განცხადებისთვის. მე, პრინციპში მქონდა, პრეზიდენტისგან ასეთი მხარდამჭერი განცხადების გავრცელების მოლოდინი, რაც მიჩენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მისი მხრიდან ეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილება ვეტოს სახით იქნება გამოყენებული", — აღნიშნა მან.

თუმცა ინსპექტორის თქმით, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას პრინციპულად აქვს ამ კანონპროექტის დამტკიცების გადაწყვეტილება მიღებული და არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდებათ.

"დღევანდელ განცხადებებსაც თუ გავითვალისწინებთ, რაც პარლამენტის წევრების მიერ გაკეთდა, რომ ისინი შეეგებებიან ამ ვეტოსაც ძალიან თამამად, ეს მაფიქრებინებს იმასაც, რომ მათ არ გაუჭირდებათ ვეტოს დაძლევაც. დღეს მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებაა, როგორც ჩანს, ვერავითარი ძალა ამაზე გავლენას ვერ ახდენს", — აცხადებს ის.

27 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე საკითხის დაჩქარებულად განხილვა უნდა შეწყდეს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არგუმენტებს წარდგენის შესაძლებლობა ყველას უნდა მიეცეს.

28 დეკემბერს სამმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა. სხდომები ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მანამდე, თოლორაიამ კანონპროექტი ნონსენსად შეაფასა და მის ავტორებს კრიტიკული კითხვებით მიმართა. მათ შორის, ინსპექტორმა მმართველი პარტიის დეპუტატებს იმ კონკრეტული მაგალითების დასახელება მოსთხოვა, თუ როდის და სად დაინახეს მათ პრობლემა ინსპექტორის სამსახურის ორი ფუნქციის თანაარსებობაში. მანვე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ისიც, თუ რატომ შეიტყო ცვლილებებზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი დაინიცირდა.

მსგავსი იყო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შეფასებებიც. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცება პარლამენტში მიღებული ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ისტორიაში "სანიმუშოდ" ჩაიწერება. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ უწყება საკუთარ საქმეს სათანადოდ ვერ ასრულებდა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, "კონსპირაციულად, ფარულად, მუხთლურად" ტარდება არა რეფორმები, არამედ რეპრესიები. მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

კანონპროქტი კომიტეტებს განსახილველად მას შემდეგ გადაეცათ, რაც გუშინ, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას დაუჭირეს მხარი.

28 დეკემბერს ბიუროს სხდომა, სადაც კანონპროექტის ალტერნატიული წინადადება უნდა განხილულიყო, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომის ჩავარდნა შეგნებული ნაბიჯი იყო და ეს მათი მხრიდან ოპოზიციის მიმართ გადადგმული პოლიტიკური სვლაა.

ალტერნატიული კანონპროექტის წინადადება 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ თუკი მათი წინადადების განსახილველად ბიუროს სხდომა არ ჩატარდებოდა, ეს რეგლამენტით გარანტირებული უფლებამოსილების წართმევად იქნებოდა აღქმული.


აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მუშაობის დაწყებიდან დღემდე არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

ამავე თემაზე: