საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეროვნული თანხმობის პროცესი ახალ, საზოგადოების ფორმატში უნდა გავრცელდეს. მისი თქმით, მომავალ დღეები ამ ფორმატს ჩამოაყალიბებენ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მასპინძლობის დროს ისაუბრა.

"ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავჯდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის. და იმისთვის, რომ ეს ძალა ვიპოვოთ საჭიროა ჩვენ შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია, ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი", — აღნიშნა მან.

მისი თქმით, ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება და მას არ აქვს "არც ბერკეტი, არც ძალა", იმისათვის, რომ დღეს ეს დაპირისპირებული ძალები შეარიგოს. პრეზიდენტის განცხადებით, ამის მცდელობა ევროკავშირის ძალისხმევითაც იყო, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის გამეორებას და ხელახლა დაწყებას არ აპირებს, რადგან მიმაჩნია, რომ "რესურსი" არ გამაჩნია.

"წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ჩვენ ყველამ, ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი, თუ ამის ნება არსებობს. ცხადია, კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს, ამას გავაგრძელებთ.

ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

16 დეკემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე, რომელზეც როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიწვია, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე ისაუბრა და მისი გადაჭრის გზად სწორედ ერთიანი ძალისხმევა დაასახელა. ზურაბიშვილის განცხადებით, შერიგება ვერ იქნება წინაპირობა, რადგან ის არის შედეგი. მისივე თქმით, პროცესი უნდა დაიწყოს მოსმენით, აზრების გაცვლით, გაგრძელდეს სიმართლის გაგებითა და შემდეგ შეიძლება, საბოლოო მიზანს მიაღწიო.

საახალწლო მიღების შემდეგ პრეზიდენტი ეროვნულ თანხმობაზე სასაუბროდ ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს პოლიტიკოსებთან, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და სახელმწიფო ინსპექტორთან.

გაიგე მეტი: