2021 წელი, შარშანდლის მსგავსად, მეცნიერებისთვის ნამდვილი გამოწვევა იყო, რაც კორონავირუსის პანდემიამ განაპირობა. მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ მრავალი მკვლევარი ისეთი პრობლემების წინაშე დააყენა, რომლებთან გამკლავებამაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მუშაობის პროცესი შეაფერხა.

ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ასტრონომია ყველაზე ნაკლებად დაზარალდა, რადგან აღნიშნული დარგისთვის ეს წელი აღმოჩენებითა და მიღწევებით ნამდვილად გამორჩეული იყო. ამ ყველაფერს იმან შეუწყო ხელი, რომ კოსმოსის შესახებ ინფორმაციას, მეტწილად, ზონდები და სხვა აპარატები აგროვებენ, შესაბამისად, დედამიწაზე მომხდარი მოვლენები მათ ფუნქციონირებაზე იშვიათად აისახება.

თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში გავრცელებულ ასტრონომიულ სიახლეებს გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ამ პერიოდში სპეციალისტებისა და საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, მარსისა და მასთან დაკავშირებული მიგნებებისკენ, ასევე, ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვებისკენ იყო მიმართული, ამიტომ პირველ რიგში სწორედ მათზე ვისაუბრებთ.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება

ფოტო: ESA

2021-მა წელმა ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა, რადგან 25 დეკემბერს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, კაცობრიობამ სამყაროს გამოსაკვლევად ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი გაუშვა.

მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გაჩნდა, მასზე მუშაობა სპეციალისტებმა 2004 წელს დაიწყეს, დედამიწიდან ხელსაწყოს გაგზავნა კი 2007-ში იგეგმებოდა. თუმცა, მისია ბევრჯერ გადაიდო და მისი განხორციელება მხოლოდ ახლა მოხერხდა. ამის მიზეზი ტელესკოპის კომპლექსურობა გახლავთ, რაც უმცირესი დეტალების გათვალისწინების საჭიროებას ქმნის, რათა ყველაფერი სათანადოდ წარიმართოს. ამჟამად ის ორბიტისკენ მიიწევს, რომელიც ჩვენი პლანეტისგან დაახლოებით 1.5 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ჯეიმს ვები იქამდე მისვლას თითქმის 1 თვეს მოანდომებს და გზად სარკეების, საკომუნიკაციო ანტენების, მზის დამცავი ფარისა და სხვა ნაწილების გაშლას/მწყობრში მოყვანას შეეცდება. პირველ სურათებს მისგან მოგვიანებით, 6 თვეში მივიღებთ.

ტელესკოპი მზის გარშემო იმოძრავებს და კოსმოსს ინფრაწითელ სპექტრში “დაინახავს”, რაც დიდი აფეთქებიდან მალევე წარმოქმნილ ვარსკვლავთა პირველი პოპულაციის, უძველესი გალაქტიკების, ეგზოპლანეტებისა და თავად ჩვენი მზის სისტემის შესწავლის საშუალებას მოგვცემს. ამით სამყაროს დასაწყისის, განვითარებისა და მისი აქამდე უცნობი მახასიათებლების გარკვევას შევძლებთ, ეს კი იქ ჩვენი ადგილის პოვნაშიც დაგვეხმარება.

აღმოჩენები მარსზე

ფოტო: makeagif

2021 წლის თებერვალში მარსამდე სამმა კოსმოსურმა ხომალდმა მიაღწია. ესენი გახლავთ არაბთა გაერთიანებული საამიროების აპარატი Hope, ჩინური Tianwen-1, რომელიც როვერისგან, ორბიტერისგან და დასაშვები მოდულისგან შედგება, ხოლო ბოლო NASA-ს მარსმავალი Perseverance და მისი თანმხლები ვერტმფრენი Ingenuity-ა.

იქიდან მოყოლებული დღემდე, მათ ჩვენს მეზობელ წითელ პლანეტაზე გადაღებული არაერთი შთამბეჭდავი ფოტოსურათი გამოაგზავნეს. Hope-მა მარსზე ატმოსფერული ნათება დააფიქსირა, რომელიც, დედამიწისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე, არამედ მთლიან ციურ სხეულზე გვხვდება. Perseverance-მა საკუთარი დაშვება ვიდეოზე აღბეჭდა და მასზე დამონტაჟებული მიკროფონების წყალობით, აუდიომასალაც მოიპოვა, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტი იყო. NASA-ს მოხეტიალემ ობიექტის ზედაპირიდან გრუნტის ნიმუშებიც აიღო და ნახშირორჟანგი ჟანგბადად გარდაქმნა. იმავე როვერის მონაცემებით დამტკიცდა, რომ იეზეროს კრატერში ძველად ტბა იყო. ამის გარდა, მან იქვე ორგანული მოლეკულებიც აღმოაჩინა.

რაც შეეხება სხვა მისიებს — მარსმავალმა Curiosity-მ წითელი პლანეტის ცაზე მოძრავი ღრუბლები დააფიქსირა, ხომალდი InSight მძლავრი მიწისძვრების მომსწრე გახდა, Mars Express-მა ციურ სხეულზე მიწისქვეშა ტბების არსებობა გამოავლინა, Trace Gas Orbiter-ის სახელით ცნობილმა ზონდმა კი ჩვენს მზის სისტემაში მდებარე კანიონთა უდიდეს სისტემაში, მარინერის ხეობაში წყალს მიაგნო, რომელიც, სავარაუდოდ, ყინულის სახითაა წარმოდგენილი.

Parker Solar Probe

ფოტო: tumblr

2021 წლის დასასრულს ყურადღების ცენტრში NASA-ს კუთვნილი ზონდი, Parker Solar Probe მოექცა, რომელიც მზის ატმოსფეროს ზედა ფენას, გვირგვინს “შეეხო”. აღსანიშნავია, რომ ეს ისტორიაში პირველად მოხდა.

აპარატი ვარსკვლავის გვირგვინში რამდენჯერმე შევიდა, რაც ამ უკანასკნელის საზღვრის უსწორმასწორობაზე მიანიშნებს. 10 მილიონ კილომეტრ დისტანციაზე ჩასვლისას, ზონდმა უზარმაზარ სტრუქტურაში გაიარა, რომელსაც ფსევდონაკადს უწოდებენ. ის აქამდე მხოლოდ შორიდან გვქონდა შესწავლილი. ხომალდმა დაადგინა, რომ მზის ქარში არსებული ტეხილისებრი წარმონაქმნები მნათობის ფოტოსფეროში ფორმირდებიან.

უნდა ითქვას, რომ მზის ატმოსფეროსთან “შეხებისას” Parker Solar Probe-მა მილიონ ცელსიუს გრადუსზე მეტ ტემპერატურას გაუძლო, რაც მან თერმული დაცვის სისტემის დახმარებითა და სხვადასხვა გარემოების გათვალისწინებით მოახერხა, რომლებსაც შეგიძლიათ, ჩვენს სტატიაში გაეცნოთ.

აღმოჩენები მერკურიზე, ვენერასა და იუპიტერზე

ფოტო: gifs

ეს წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო არა მხოლოდ მარსის კვლევის კუთხით, არამედ მზის სისტემის სხვა პლანეტების, მერკურის, ვენერასა და იუპიტერის შესწავლის მხრივაც. პირველი მათგანი მზესთან ყველაზე ახლოს მოძრაობს, რაც მასზე დაკვირვებას ართულებს. ამის მიუხედავად, ევროპისა და იაპონიის კოსმოსური სააგენტოების ხომალდმა BepiColombo ოქტომბერში მას ჩაუარა და სურათებიც მოიპოვა, რომლებზეც ციური სხეულის კრატერებით სავსე ზედაპირი ჩანს.

Parker Solar Probe-მა ვენერადან მომავალი რადიოსიგნალი, ანუ მისი ბუნებრივი გამოსხივება დააფიქსირა. მასზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ობიექტის იონოსფერო თხელდება მაშინ, როცა მზის ციკლური აქტიურობა მინიმუმს აღწევს. აღმოაჩინეს ისიც, რომ ამ პლანეტას შესაძლოა, დედამიწისგან ოდნავ განსხვავებული ფილების ტექტონიკა ჰქონდეს, ანუ მისი ქერქი უწყვეტი ლითოსფეროსგან არ შედგებოდეს. ახლახან გამოქვეყნებული კვლევა კი ვენერას ატმოსფეროს სიცოცხლესთან სავარაუდო თავსებადობაზე მიუთითებს.

სპეციალისტებმა იუპიტერის პოლარული ნათების წარმოქმნის პროცესი გააანალიზეს და აქამდე ბუნდოვან დეტალებს ნათელი მოჰფინეს. უკეთ გამოიკვლიეს მისი დიდი წითელი ლაქაც, რომელიც ბევრად ღრმა და ცვალებადი აღმოჩნდა. აირის ამ გიგანტის თანამგზავრის, განიმედეს ატმოსფეროში წყლის მუდმივი ორთქლის კვალს მიაგნეს, მისი ელექტრული და მაგნიტური გამოსხივება კი ხმოვან ჩანაწერად აქციეს.

შავ ხვრელებთან დაკავშირებული აღმოჩენები

ფოტო: icegif

შავი ხვრელები ასტრონომიაში ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ ფენომენებად რჩებიან, თუმცა წლიდან წლამდე მათზე უფრო და უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ.

მაგალითად, მარტში მეცნიერებმა Messier 87-ად წოდებული გალაქტიკის ცენტრში მდებარე ზემასიური შავი ხვრელის (რომლის გამოსახულებაც პირველად 2019 წელს ვიხილეთ) ახალი ფოტო გაავრცელეს, რომელზეც მისი მაგნიტური ველებია აღბეჭდილი. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ მსგავსი ობიექტის უკნიდან მომავალი სინათლის დანახვის შესაძლებლობა მოგვეცა, რაც მისი უმძლავრესი გრავიტაციული და მაგნიტური ველების მიერ სივრცისა და სხივების გამრუდებით აიხსნება.

დაბოლოს, ისტორიაში პირველად გავხდით შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების მომსწრენი, რომელიც იმდენად მასშტაბური იყო, რომ მისი კვალი ამ მოვლენიდან მილიონობით წლის შემდეგაც შეიმჩნევა.

ეგზოპლანეტებთან დაკავშირებული აღმოჩენები

ფოტო: GIPHY

ახლა კი დროა, ჩვენი მზის სისტემის გარეთ აღმოჩენილ პლანეტებზეც ვისაუბროთ, რომელთა რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება. 2021 წელი ამ მხრივაც გამორჩეული იყო.

ირმის ნახტომის გალაქტიკის მიღმა პირველ სავარაუდო ეგზოპლანეტას მივაკვლიეთ. ის ჩვენგან დაახლოებით 28 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზეა განლაგებული და ბინარული სისტემის M51-ULS-1 გარშემო გადაადგილდება. საინტერესოა ციური სხეული, GJ 367b, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის ირგვლივ მოძრაობას სულ რაღაც 8 საათს ანდომებს, რადგან მასთან ძალიან ახლოს იმყოფება. კიდევ ერთი ასეთი ობიექტია b Centauri b. ის 325 სინათლის წლის მოშორებით მდებარე მნათობებს უვლის გარს. ეს სისტემა იმდენად გიგანტურია,რომ მის მახლობლად რაიმე მსგავსის არსებობა აქამდე შეუძლებლად მიიჩნეოდა.

უნდა ვახსენოთ უზარმაზარი ეგზოპლანეტა, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის სიკვდილს უვნებლად გადაურჩა. მისი მნათობი თეთრ ჯუჯად გადაიქცა, რასაც წესით გამანადგურებელი ეფექტი უნდა ჰქონოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მომავალში ჩვენს მზესაც იგივე ელის, ამიტომ ამგვარი შემთხვევები საყურადღებოა.

აღსანიშნავია ზაფხულში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა განსაზღვრეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი 29 პლანეტა, საიდანაც არამიწიერ ცივილიზაციას ჩვენზე დაკვირვება შეუძლია. ისინი ამას ტრანზიტის მეთოდით მოახერხებენ, თანაც დედამიწიდან გაშვებულ რადიოსიგნალებს მარტივად მიიღებენ. მართალია, ჯერჯერობით მათგან არაფერი ისმის, თუმცა ყველაფერი წინაა, რადგან ჩვენ “ხილული” მომდევნო 5 000 წლის განმავლობაშიც ვიქნებით.

ასტეროიდები და კომეტები

ფოტო: scitechdaily

წელს კაცობრიობამ კომეტა ლეონარდი იხილა, რომელიც ასტრონომმა გრეგორი ლეონარდმა იანვარში აღმოაჩინა. ის იშვიათი სტუმარია, რადგან დედამიწას მომდევნო 35 000 წლის განმავლობაში აღარ მოუახლოვდება. ყველაზე მოკლე დისტანციაზე ის ჩვენთან 12 დეკემბერს მოვიდა, როცა ერთმანეთისგან 34 მილიონი კილომეტრი გვაშორებდა. ამის მიუხედავად, ცაზე თითქმის მთელი თვე ჩანდა.

ყურადღება დაიმსახურა ასტეროიდმა, სახელად 2021 PH27, რომელსაც სპეციალისტებმა ყველაზე სწრაფი უწოდეს. 1 კილომეტრი დიამეტრის მქონე კოსმოსური სხეული მზის გარშემო სრული წრის დარტყმას 113 დღეს ანდომებს.

ასევე, 2021 წელს NASA-მ "ტროელი" ასტეროიდების შესასწავლად ზონდი Lucy გაუშვა. ის 8 სხვადასხვა ობიექტს ეწვევა. 1 მათგანი ასტეროიდთა სარტყელშია მოქცეული, დანარჩენი 7 კი მზის ირგვლივ იმავე ორბიტაზე მოძრაობს, რომელზეც იუპიტერი. ისინი იმ პირველადი მატერიის ნარჩენებად მიიჩნევიან, რომელმაც ჩვენი მზის სისტემის გარე პლანეტები შექმნა.

სააგენტომ საკუთარი აპარატი DART ასტეროიდ Dimorphos-სკენაც გაგზავნა, რათა მას 6.5 კმ/წმ სიჩქარით შეეჯახოს. ამით მეცნიერები ეცდებიან გაარკვიონ, შეძლებენ თუ არა მომავალში საშიში ობიექტის ტრაექტორიის შეცვლის გზით პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებას.

სხვა კოსმოსური მოვლენები 2021 წლიდან

ფოტო: GIPHY

ასტრონომებმა 2021 წლის ზაფხულში ახალი ტიპის ზეახალი ვარსკვლავის არსებობა დაადასტურეს. ესენი გახლავთ წითელი ჯუჯები, რომელთა მასაც მზისას რვიდან ათამდე ერთეულით აღემატება. მათ შუაგულში განლაგებული მაგნიუმისა და ნეონის ატომები გარემომცველ ელექტრონებს იერთებენ, რომლებიც ბირთვის სტაბილურობას განაპირობებენ. მათი შთანთქმისას კი გარეთ მიმართული წნევა მცირდება, რაც შიდა რეგიონების კოლაფსს იწვევს, ხოლო ზედაპირის აფეთქებისას მატერია ღია სივრცეში იფანტება.

დააფიქსირეს გალაქტიკა ID2299, რომელიც ყოველწლიურად იმ რაოდენობის აირს კარგავს, რაც 10 000 მზის წარმოქმნისთვის იქნებოდა საკმარისი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ახალი ვარსკვლავების ფორმირების უნარს მოკლებულია, ანუ კვდომის პროცესშია.

აჟიოტაჟი გამოიწვია ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრიდან მომავალმა რადიოსიგნალებმაც, რომლებიც მაღალი პოლარიზაციით გამოირჩევიან. მათი წყარო უცნობ კოსმოსურ ფენომენს უკავშირდება, რომელსაც სიკაშკაშის ცვალებადობა ახასიათებს.

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ 2021-მა წელმა ასტრონომიის მოყვარულები განსაკუთრებულად გაგვანებივრა და უამრავი საინტერესო, მნიშვნელოვანი თუ დიდი ხნის ნანატრი მოვლენა დაიტია.

რაც უფრო მეტს ვიგებთ კოსმოსზე, მეტი კითხვა ჩნდება, თუმცა ისინი პასუხგაუცემელი არ დარჩება. ჯეიმს ვების ტელესკოპის მეშვეობით, 2022 წლიდან სამყაროს იმ სიღრმეებში ჩავიხედავთ, რომლებიც ჩვენთვის აქამდე დაფარული იყო. ასე რომ, ვინ იცის, რამდენი მეცნიერული გარღვევა გველის წინ, მომავალში, რომელიც ბევრ სიახლეს გვპირდება.

ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვევალება — დაველოდოთ მოთმინებით, იმედიანად და უშრეტი ცნობისმოყვარეობით, რომელმაც თავის დროზე ადამიანი ცაში აახედა.