საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს უმრავლესობამ შეაჩეროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღების პროცესი. დეპუტატები აცხადებენ, მნიშვნელოვანია პარლამენტმა საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით განიხილოს.

"პრინციპულად მიგვაჩნია, რომ პარლამენტმა ჯერ განიხილოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც 8 თვის წინ წარედგინა პარლამენტს და მხოლოდ ამის შემდგომ დავიწყოთ მსჯელობა კანონში ცვლილებების მიზანშეწონილობის შესახებ ", — აცხადებენ დეპუტატები.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც თავად პარლამენტმა აირჩია "მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან ინსტიტუტთა რიცხვს, რომლის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას დადებითად აფასებენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები".

მათი თქმით, სამსახურის გაუქმების ნაცვლად მისი გაძლიერებაა საჭირო.

"დღეს, ნაცვლად იმისა, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ სამსახურის შემდგომი გაძლიერების მიზნით, რადგან სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვხედავთ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მცდელობას, რის უკანაც იკვეთება დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათივე შეფასებით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გამაფრთხილებელი გზავნილია სხვა საჯარო უწყებებისთვისაც.

"პარლამენტის მიერ არჩეული სახელმწიფო ინსპექტორის ვადაზე ადრე ფაქტობრივი გადაყენება თანამდებობიდან, გარდა უშუალოდ ამ ინსტიტუტზე დარტყმის და დასუსტებისა, არის ღია გზავნილი სხვა, ხელისუფლებისგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი თანამდებობის პირის თუ საჯარო მოხელის მიმართ, რომ ისინი შეიძლება მკაცრად დაისაჯონ პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის", — აცხადებენ დეპუტატები.

განცხადებას წელს აწერს:

  • ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის;
  • პოლიტიკური ჯგუფი რეფორმების ჯგუფი;
  • ფრაქცია ენმ;
  • პოლიტიკური ჯგუფი გირჩი;
  • პოლიტიკური ჯგუფი მოქალაქეები;
  • დამოუკიდებელი დეპუტატები: თაკო ჩარკვიანი, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, შალვა კერესელიძე და ალექსანდრე მოწერელია.

დღეს, 28 დეკემბერს პარლამენტის გაერთიანებულმა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებულ კანონპროექტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მხარი დაუჭირა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მას სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ოპოზიციის დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოლორაიამ, რამდენიმე დეპუტატმა და NGO-ს წარმომადგენლებმა სხდომა პროტესტის ნიშნა დატოვეს.

გაიგე მეტი: