საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

  • I ეტაპი: 10 აპრილი - 24 აპრილი
  • II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია - 8 მაისი - 1 ივნისის ჩათვლით
  • III ეტაპი: 19 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაციის პირველი ეტაპი განხორციელდება სკოლებში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ დოკუმენტებს სკოლები 25 აპრილიდან 05 მაისის ჩათვლით მიიღებენ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი საყოველთაო ელექტრონულ რეგისტრაციას გულისხმობს და ის 8 მაისს დაიწყება და პირველი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი, 19 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით სკოლებში გაგრძელდება და მოსწავლეები II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ჩაირიცხებიან.

განათლების სამინისტრო: სწავლის დაწყების უფლება 6 წლის ასაკის ბავშვებს აქვთ.