ავსტრალიელ კაცს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, ალიმენტის გადაუხდელობის გამო ქვეყნის დატოვება მომდევნო 8 ათასი წლით აეკრძალა. 44 წლის ნოამ ჰაპერტი, რომელსაც $3,34 მილიონი აქვს გადასახდელი, აკრძალვა 9999 წლამდე ეხება.

"2013 წელს გადასახდელი ჯამში 7,5 მილიონი შეკელი ($3,34 მლნ) იყო", — ამბობს ჰაპერტი, რომელსაც ისრაელის სასამართლომ თითო შვილზე ყოველთვიურად 5 ათასი შეკელის გადახდა დააკისრა, — "2013 წლიდან მე ისრაელში ვარ გამომწყვდეული".

ჰაპერტის თქმით, იგი ერთ-ერთია ავსტრალიის იმ მოქალაქეებიდან, რომელსაც "ისრაელის მართლმსაჯულების სისტემა მხოლოდ იმიტომ დევნის, რომ ისრაელელ ქალზე დაქორწინდა".

ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული კანონი ქვეყანაში ბუნდოვანია, თუმცა, 9999 წელი ვადად მხოლოდ იმიტომ განისაზღვრა, რომ ყველაზე შორეული თარიღი იყო, რომელიც შესაბამის ველში ეტეოდა.

ისრაელში განქორწინებასა და ალიმენტთან დაკავშირებული კანონები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ისრაელში გამგზავრების მსურველებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ამის შესახებ გაფრთხილებასაც კი მოიცავს. დეპარტამენტის ცნობით, ისრაელში სამოქალაქო და რელიგიური სასამართლო "აქტიურად იყენებს თავის უფლებამოსილებას, რათა კონკრეტულ პირებს, მათ შორის არამოქალაქეებს, ქვეყნის დატოვება ვალის გადახდამდე აეკრძალოთ. ასეთ შემთხვევაში კი აშშ-ის საელჩოს ამერიკელი მოქალაქის გადასახდელი თანხის გაუქმება ან მისი დაბრუნება ისრაელიდან არ შეუძლია".