ebazaar.ge პირველი ქართული online-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, იოლად შეიძინონ ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის აგროპროდუქტები პირდაპირ ფერმერებისგან, შუამავლების გარეშე.

პლატფორმა უნიკალურია, რადგან ფერემერებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ, ულიმიტოდ განათავსონ პროდუქცია ელექტრონულ დახლებზე და პირდაპირ მიჰყიდონ საბოლოო მომხმარებლებს.

ebazaar.ge ხელსაყრელია როგორც მომხმარებლისთვის, რომელიც მის მიერ შერჩეული მწარმოებლისგან იძენს პროდუქტს, ასევე ფერმერებისთვის, რომელთაც შინიდან გაუსვლელად შეუძლიათ, შესთავაზონ თავიანთი ნაწარმი ათასობით მომხმარებელს და მყიდველებისგან მიიღონ უკუკავშირი შეფასების სახით.

ვიზიტორები შეძლებენ, საიტზე იოლად შეიძინონ სასურველი პროდუქტები, რომლებსაც შეკვეთიდან მეორე სამუშაო დღეს მიიღებენ. Ebazaar.ge ფუნქციონირებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

"პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ქართულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერა და აგრარული სექტორის განვითარება", — განაცხადა ebazaar.ge-ის თანადამფუძნებელმა თამარ ბუაძემ.

ebazaar.ge მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, კერძოდ, გამართულ online-შეძენის გამოცდილებას და უფასო მიტანას, სუფთად და მოწესრიგებულად შეფუთულ ხარისხიან პროდუქტებს, რომელთა ვიზუალურად აღქმა ყიდვისას სრულიად შესაძლებელია.

განსაკუთრებით მოქნილია გადახდის სისტემა, რადგან მყიდველს გადახდილი თანხა ბარათიდან ჩამოეჭრება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეძენილ პროდუქტებს მითითებულ მისამართზე მიიღებს.

კომპანია რეგიონებში წარმოდგენილია მისი კონსულების სახით, რომლებიც ეხმარებიან ფერმერებს პორტალზე რეგისტრაციაში, პროდუქციის ფოტოგადაღებაში, მარაგებისა და ფასების გაკონტროლებასა და მათ განახლებაში, პროდუქტების რეალიზაციაში; ათვალიერებენ გაყიდულ პროდუქტს და მას გასაგზავნად ამზადებენ

სასტარტო გაშვებისას ფერმერები პლატფორმაზე გაყიდვას შეძლებენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან, ხოლო ყიდვა მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი. ოპერირების დაწყების შემდგომ ფერმერების რეგისტრაციის რაიონები თანმიმდევრულად გაიზრდება. რეალიზაციის წერტილებს ეტაპობრივად დაემატება რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.