იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამას ადვოკატს არ უთანხმებენ. ასე გამოეხმაურა ბრეგაძე კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები.

"რაც შეეხება ავოკატების ინფორმირებას, ქალბატონო ნია [ჟურნალისტი], ამ შემთხვევაში მაშინ უნდა გაეცნოთ თქვენც საქართველოს კანონმდებლობას და უნდა იცოდეთ, რომ როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება, რა თქმა უნდა, ადვოკატებთან. ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა და ავოკატს, რა თქმა უნდა, შეუძლია მოინახულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამუშაო დღეებში და იქ გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა, საათებიც. ეს არ იყო საჭირო და ისე ნუ წარმოაჩენთ, რომ ეს საჭირო იყო და პენიტენციურმა რაიმე ნორმა დაარღვია", — თქვა ბრეგაძემ.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალმა 27 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მათი თქმით, ექსპრეზიდენტი არ დაემორჩილა და წნევის ცვალებადობა აღენიშნა. უწყების ცნობით, ამის გამო, მისი რუსთავის ციხეში გადაყვანა დროებით გადავადდა.

27 დეკემბერს, მთელის საღამოს განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის შესახებ. თუმცა ამის შესახებ ინფორმირებულრები არ იყვნენ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები.

მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი გორის ჰოსპიტალში მივიდა. როგორც მას სააკაშვილმა უთხრა აპირებდნენ ყოფილი პრეზიდენტის რუსთავის ციხეში გადაყვანას. ამასთან, ომბუდსმენის წარმომადგენელმა თქვა, რომ სააკაშვილმა გონება დაკარგა. ამ შემთხვევას სახლხო დამცველი შეისწავლის.

სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით კი, ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაყვანის უფლება არავის ჰქონდა.