პანდემიის გამო წლევანდელი ახალი წელი, ალბათ, შარშანდელივით განსხვავებული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამის მიუხედავად, 31 დეკემბერს ტრადიციულად მაინც იმედიანად ველი, რადგან მჯერა, რომ ყოველი ახალი წელი სიახლის მომტანი იქნება.

ახალი წელი ყველასთვის გამორჩეული დღესასწაულია და ყველა თავისებურად ხვდება მას. ბევრისთვის საახალწლო დეკორაციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს — დაწკრიალებული სახლიც კი ვერ გაგიჩენთ საზეიმო განწყობას, თუ მას საგანგებოდ არ მორთავთ და გაალამაზებთ. არ არის აუცილებელი, ყველგან გირლანდები ეკიდოს, გემოვნებით შერჩეული რამდენიმე დეტალიც საკმარისია, რომ სახლმა სადღესასწაულო იერი მიიღოს.

იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს სამუშაო სივრცეზეც, სადაც დღის დიდ ნაწილს ვატარებთ. ამიტომაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თანამშრომლები, რომლებიც პანდემიის პარალელურად უშიშრად დადიან ოფისში — სადღესასწაულო გარემოს შექმნით, პირველ რიგში, მათ განწყობაზე ვიზრუნებთ.

ამ სტატიაში იმ 13 ქართული კომპანიის შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს და ახალი წლისთვის შესაფერისად გამოაცოცხლეს თავიანთი ოფისები.

1. კლიპ-არტი

კლიპარტის ოფისში ყოველ წელს არის ერთი ადამიანი, ვინც პირველი კითხულობს: "ნაძვის ხე არ უნდა დავდგათ?" ეს ნიშანია, რის შემდეგაც იწყება მხიარული სამზადისი, რომელშიც ის თანამშრომლები ერთვებიან ენთუზიაზმით, ვისაც ახალი წელი ყველაზე მეტად უყვარს და შესაბამისად, ოფისის სადღესასწაულოდ მოწყობაც განსაკუთრებულად სიამოვნებს.

"ერთი გამორჩეული ტრადიცია გვაქვს ყოველ წელს: წლის დასასრულისა და მიღებული შედეგებისთვის მადლობის ნიშნად პარტნიორი კომპანიებისგან გამოგზავნილ საჩუქრებს, არ აქვს მნიშვნელობა, კომპანიაში ვის სახელზე მოვა, ერთად ვაგროვებთ და ერთადვე ვიზიარებთ, რადგან მადლობის ადრესატი არის მთლიანი გუნდი, ეს საერთო შრომის დამსახურებაა", — გვითხრეს კომპანიაში.

კლიპ-არტში ცდილობენ, ყოველ წელს ახალი და განსხვავებული ელემენტები შემატონ დეკორაციებს, რომელთაგან ერთს გამოარჩევენ ხოლმე. წელს მათი ფავორიტი მოხერხებული ირემია, რომელიც "შპაგატში" კოხტად ჩაჯდა.

2. ვითიბი ბანკი

ვითიბი ბანკში 10 დეკემბრიდან იწყება საახალწლო იდეების ხორცშესხმა. დეკორაციების და ნაძვის ხის მორთვა მარკეტინგის და PR-ის დეპარტამენტს ევალება. მათი გუნდი ყოველწლიურად ტრადიციას არ ღალატობს და საშობაო ბაზრობას მართავენ, სადაც ბევრი თემატური სუვენირი და ტკბილეულობა იყიდება.

"ასევე ტრადიციულად ყოველ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში ვთამაშობთ სეკრეტ სანტას", — აღნიშნეს ვითიბიში

3. თეგეტა მოტორსი

თეგეტაში ახალი წლის სამზადისი დეკემბერში იწყება და მთელი გუნდი ერთვება ამ პროცესში. წელს ოფისის მთავარ ნაძვის ხეზე დიზაინერებმა იზრუნეს. სხვადასხვა სართულსა და ოთახში კი საახალწლო დეკორაციები გუნდის წევრებმა გააკეთეს. განსაკუთრებული საახალწლო განწყობის შესაქმნელად ყოველწლიურად ცდილობენ, გაფორმების დიზაინში სიახლეებიც შეიტანონ და ოფისი სხვადასხვანაირად მორთონ.

"წელს, ჩვენი საახალწლო კამპანიიდან გამომდინარე, განსხვავებული სეკრეტ სანტა გამოგვივიდა. ზრუნვის დღესასწაულში, სხვა აქტივობებთან ერთად, ჩვენი თანამშრომლებიც ჩავრთეთ. ოფისი საახალწლოდ 15 დეკემბერს მოვრთეთ და ნაძვის ხესთან ერთად ზრუნვის კედელი გავაკეთეთ, რომელზეც 5 ორგანიზაციის 300-მდე ბენეფიციარის სურვილი განვათავსეთ. ჩვენმა თანამშრომლებმა წერილის ადრესატებისთვის საჩუქრები უკვე შეაგროვეს. ზრუნვის ამ ძალამ ჩვენი წინასაახალწლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა და ბედნიერები ვართ, რომ ამ კეთილ საქმეში მონაწილეობა შევძელით".

4. ევექსი ჰოსპიტლები

წინასაახალწლო მზადებას ადრიანად იწყებს ევექსი ჰოსპიტლების გუნდიც. მთავარი ორგანიზატორები ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ საზეიმო განწყობის შექმნაში არა მხოლოდ თანამშრომლებისთვის, არამედ პაციენტებისთვისაც. რაც მთავარია, ამ პროცესში ყველანი არიან ჩართულები.

"ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულად ვულოცავთ ახალ წელს ჩვენს პატარა პაციენტებს და ეს, გარკვეულწილად, ტრადიციად ჩამოვაყალიბეთ. ვცდილობთ, საახალწლო განწყობა ჰოსპიტლების კედლებში შევიტანოთ და საჩუქრების დარიგების გარდა, სასიამოვნო საღამო მოვუწყოთ მათ, ვინც ახალ წელს ოჯახში ვერ ხვდება", — გვითხრეს ევექსში.

წელს, COVID-19-თან მებრძოლი ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ეზოში ზღაპრის გმირების მონაწილეობით საახალწლო საზეიმო ღონისძიება გაიმართება. რაც შეეხება სათავო ოფისს, საახალწლო გაფორმებების თემატიკას ყოველწლიურად ცვლიან და აახლებენ. როგორც გავარკვიეთ, "სიქრეთ სანტასაც" აქტიურად თამაშობენ, რომელსაც წელს "საიდუმლო ამანათი" უწოდეს და დეკორაციები უეს ანდერსონის გრანდ ბუდაპეშტის ინსპირაციით შექმნეს.

5. PSP

პსპ-ში საახალწლო სამზადისი ყველაზე ადრიანად, პირველი სექტემბრიდან იწყება. კონცეფციაზე მთელი მარკეტინგის, პიარისა და ინტეგრაციის სამსახურები მუშაობენ. ასევე ჩართულები არიან აღსრულებაში ბექ-ოფისის და HR-ის თანამშრომლები.

ოფისის ფასადის გაფორმება შეიცვალა რებრენდინგთან ერთად, აფთიაქების და სკვერების მორთულობას კი ყოველ წელს აახლებენ ახალი კონცეფციის მიხედვით, რომელიც მართლაც ყოველთვის გამორჩეული და საუცხოოა. 1994 წლიდან მოყოლებული დღემდე პსპ-ში ტრადიციულად ძველით ახალ წელს აღნიშნავენ დღესასწაულს კორპორაციული ღონისძიებით.

6. ჯეპრა

როგორც ჯეპრაში გვითხრეს, დეკემბერთან ერთად მოდის მათთან საახალწლო განწყობა და საკმაოდ ადრეც იწყებენ მზადებას. ყველა ერთად დგამს ნაძვის ხეს, გუნდურად რთავენ და ალამაზებენ ოფისს. მათი ყოველწლიური ტრადიციაა, რომ პირნათლად შეასრულონ წლის განმავლობაში აღებული ვალდებულებები.

აღმოვაჩინე, რომ ამ კომპანიაში "საიდუმლოს სანტას" საკმაოდ საინტერესო და უჩვეულო კონცეფცია აქვთ: თურმე წელს გუნდის ყველა წევრი ერთი თანამშრომლის სანტები ყოფილან.

7. ალდაგი

ალდაგში ახალ წელზე ფიქრს ნოემბერში იწყებენ. წინასწარ ამზადებენ საახალწლო გეგმას, ეძებენ საჭირო დეკორაციებს და იდეების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკურ დეტალებს აგვარებენ. ნაძვის ხის მორთვა ალდაგის ელფებს ევალებათ: კომუნიკაციის დეპარტამენტს, მარკეტინგს, შესყიდვებს, HR-სა და ყველას, ვისაც კი ამის სურვილი აქვს. პროცესში ყველას ჩართულობაა მთავარი და ამიტომ, შეზღუდვაც არ არსებობს. ძირითადი იდეები კომუნიკაციის განყოფილებაში მუშავდება, სიურპრიზების კორიანტელიც აქ დგება — შეფუთვა, საჩუქრების გადაცემა, ნაძვის ხის დეკორაციები, ოფისის გაფორმება და ა.შ. საახალწლო დეკორაციები და ლიფტში განთავსებული სტიკერები ყოველთვის ახლდება და იცვლება.

"წელს სტიკერის მთავარი მიზანი თანამშრომლების ინტერაქცია და გახალისებაა. ლიფტში შესულ მგზავრს შეუძლია, "მოირგოს" საახალწლო აქსესუარები და გადაიღოს სახალისო სელფები".

როგორც ალდაგში გვითხრეს, წელს ორი წამახალისებელი აქტივობა ჰქონდათ:: "1. წელს ყველა თანამშრომელს შეხვდა გლინტვაინის მოსამზადებელი მასალა, თავისი ინგრედიენტებითა და რეცეპტით 2. საიდუმლო სანტა, რომლის ფარგლებშიც წელს მთავარი ამოცანა იყო ისეთ თანამშრომლებს ეჩუქებინათ საჩუქარი ერთმანეთისთვის, რომელთა დეპარტამენტებიც ერთმანეთთან არც ისე ახლოსაა. მიზეზი პანდემიის დროს დისტანციური მუშაობაა, რის გამოც ბევრი ალდაგელი, შესაძლოა, არც იცნობდეს ერთმანეთს".

8. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ეროვნული ბიბლიოთეკის ფასადი და საგამოფენო დარბაზი დეკემბრის დასაწყისიდან მორთულია საახალწლოდ. ნაძვის ხის დიზაინი და აქსესუარები ყოველ წელს იცვლება, წელს კი დიზაინის ავტორი ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების თანამშრომელი თენგიზ მოდუა. მორთვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს თანამშრომლებმაც.

"წელს ჩეხეთის საელჩომ დადგა ჩვენთან ნაძვის ხე, რომელიც ჩეხეთში დამზადებული ხელნაკეთი სათამაშოებითაა მორთული", — აღნიშნეს კომპანიაში.

ტრადიციულად საგამოფენო დარბაზში იმართება საახალწლო ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. წელს კი პანდემიის გამო ამ ტრადიციაზე მათ უარი თქვეს.

ასევე საინტერესოა ტრადიცია, რომელიც ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა საუბრისას გამიმხილა: აღმოჩნდა, რომ ისინი "საიდუმლო სანტას" ნაცვლად ინტელექტუალურ თამაშს "რა? სად? როდის?" თამაშობენ ხოლმე.

9. გამომცემლობა პალიტრა L

გამომცემლობაში საახალწლო ფუსფუსი დეკემბრის პირველ რიცხვებში იწყება, მათთვის ეს პერიოდი განსაკუთრებული ემოციებით არის დატვირთული, რადგანაც სპეციალურად გამოსცემენ ახალ წიგნებს და სიახლეებით ხვდებიან მკითხველს.

ნაძვის ხეს მთელი გუნდი ერთად რთავს, რა დროსაც კიდევ უფრო მატულობს საახალწლო განწყობა.

"ყოველწლიურად ვცდილობთ, საახალწლო გაფორმებაში პატარა ცვლილებები შევიტანოთ და ნაძვის ხესაც ახალი სათამაშოები შევმატოთ, რაც, ცხადია, თანამშრომლების საახალწლო განწყობაზეც აისახება".

10. ისთ ფოინთი

ისთ ფოინთში საახალწლო სამზადისი ძალიან ადრე, ოქტომბერში იწყება. როგორც კომპანიაში ამბობენ, მთელი გუნდი დიდ ეიფორიაშია — ხუმრობა საქმე არ გახლავთ მთელი ქალაქის საგანგებოდ მორთვა, ნაძვის ხის აწყობა, განათებები, საახალწლო დეკორაციები, შეთავაზებები, საჩუქრის იდეები. ერთი სიტყვით, ახალი წლისთვის ისთ ფოინთი ლაპლანდიელი სანტას საჩუქრების ქარხანასავით მუშაობს და ამ დიდ ფუსფუსში ყველა ჩართულია.

"ჩვენთვის ახალი წლის განწყობა საახალწლო ნაძვის ხის მორთვას და საზეიმოდ ანთებას მოაქვს! ტრადიციულად უკვე 6 წელია, ისთ ფოინთის ცენტრალურ მოედანზე დეკემბრის დასაწყისში საშობაო მუსიკის, დიდი მხიარულების და სანტების მარშის ფონზე ჩვენი ნაძვის ხე საზეიმოდ ინთება. ყოველწლიურად ვცდილობთ დეკორაციების გამრავალფეროვნებას, თუმცა წელს ლეგენდარული ნაძვის ხის მორთულობა სრულიად განახლდა უნიკალური, ხელნაკეთი სათამაშოებით და განსაკუთრებული სილამაზეც შეიძინა", — გვითხრეს ისთ ფოინთში.

ისთ ფოინთს ბევრი ტრადიცია აქვს, რომელსაც წლიდან წლამდე მტკიცედ იცავს, ერთ-ერთი ასეთი, ცხადია, საიდუმლო სანტაა, რომელშიც ყველა თანამშრომელია ჩართული და არსებობს ლეგენდაც, რომ 6 წლის განმავლობაში ჯერ არავის მოუპოვებია გრინჩის არცთუ საამაყო სტატუსი.

11. ბილაინი

ბილაინში საახალწლო მზადებას ნოემბრის პირველი რიცხვებიდან იწყებენ და ლამის ზუსტად ახალი წლის საღამოს ასრულებენ. საახალწლო დეკორაციების დიზაინზე, შესრულებასა და შემდგომ განწყობის შექმნაზეც HR-ის გუნდი ზრუნავს.

"მადლიერების დღის ტრადიცია გვაქვს. საახალწლო სამზადისის ნაწილია ისიც, რომ ვფიქრდებით, ვის უნდა გადავუხადოთ წელს საჯარო და განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ გვერდში გვედგა, გვასწავლა, გზა გაგვიკვალა, მოგვისმინა, დაგვეხმარა, შთაგონების წყაროდ იქცა... შემდეგ კი ვწერთ მადლობის წერილებს, რომლებსაც ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაროდ ვკითხულობთ", — ბილაინი

12. მეამა

როგორც მეამაში აცხადებენ, მათი სათავო ოფისი სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურის გამარჯვებულია, მათ შორის 2021 წელს ის მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა. შესაბამისად, საახალწლოდ მათი ოფისიც განსაკუთრებულად მოირთო.

13. Wolt

ვოლტში ტრადიციულად დეკემბრის შუა რიცხვებიდან იწყებენ საახალწლო სამზადისს. ამ პროცესში მონაწილეობას იღებს ყველა, ვისაც სურვილი და განსაკუთრებული განწყობა აქვს. ოფისში ცდილობენ, ყოველწლიურად განაახლონ დეკორაციებიც და სამუშაო გარემოს ახალი იერსახე შესძინონ.

ბოლოს კი On.ge

ჩამონათვალს ჩვენს მოკრძალებულ ნაძვის ხესაც დავამატებ: პატარას, მაგრამ მთელი გულით მორთულს. დამეთანხმებით, მთავარი განწყობა და ემოციაა. ასე ვცადეთ ოფისის გახალისება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ხშირად დადიან ოფისში სამუშაოდ.

რეგულაციების დაცვით ჩვენც ვითამაშეთ "საიდუმლო სანტა" და სურვილებიც ჩავიფიქრეთ, რომ მომავალი წელი პანდემიის დასასრულისა და გრანდიოზული გეგმების განხორციელების იყოს.