ჩინელმა მკლვევრებმა ხელოვნური ინტელექტი (AI) შექმნეს, რომელსაც დანაშაულის იდენტიფიცირება და კრიმინალების წინააღმდეგ ბრალის წაყენება შეუძლია. AI შანხაის პუდონგის პროკურატურაში გამოცადეს, რომელიც ქვეყნის ყველაზე დიდი რაიონული პროკურატურაა. ამის შესახებ South China Morning Post იუწყება.

როგორია მანქანური დასწავლის მართლმსაჯულება? ჩინეთში შექმნილ მოდელს შეუძლია დამნაშავეს 97%-ზე მაღალი სიზუსტით წარუდგინოს ბრალი, ამისათვის კი საქმესთან და ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას დეტალურად ეცნობა.

"სისტემას შეუძლია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პროკურორები ჩაანაცვლოს", — ამბობენ მკვლევრები. გუნდმა ალგორითმი უკვე არსებული AI ინსტრუმენტის გამოყენებით შექმნა. მას System 206 ჰქვია და ჩინეთში მომუშავე პროკურორები აქამდეც იყენებდნენ, მტკიცებულებათა შეფასებისა თუ იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა ეჭვმიტანილი საშიში ფართო საზოგადოებისთვის.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ System 206 საკმაოდ შეზღუდული იყო, რამდენადაც, როგორც გუნდი ამბობს, მას არ შეეძლო "ბრალის წარდგენისა თუ სასჯელის შეთავაზების კუთხით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოფილიყო ჩართული". სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქამდე სისტემას შეეძლო საქმისთვის შეუსაბამო ინფორმაციის იდენტიფიცირება და გაფილტვრა, ასევე, ნეირონული ქსელის გამოყენებით ბუნებრივი ენის დამუშავება.

ახალ ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია დამნაშავის იდენტიფიცირება და ბრალის წაყენება რვა ყველაზე გავრცელებული დანაშაულის კუთხით. ესენია: საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, აზარტული თამაშები, მანქანის უპასუხისმგებლო მართვა, თავდასხმა, ოფიცრის ხელშეშლა, ქურდობა, თაღლითობა და პოლიტიკური წინააღმდეგობაც კი.

ბუნებრივია, ბევრისთვის შემაშფოთებელია მძლავრი კომპიუტერული ალგორითმისთვის პროკურორის საქმის მინდობა. მართალია, სისტემა 97%-იანი სიზუსტით მუშაობს, თუმცა მაინც არსებობს შეცდომის შანსი. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შეცდომის დაშვების შემთხვევაში — პროკურორი, თვითონ ალგორითმი თუ მისი შემქნელი?

ამ ეტაპზე, ეს უცნობია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით AI პროკურორი ფართოდ არ გამოიყენება. მაგრამ აღსანიშნავია ბოლოდროინდელი ტენდენციები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ მართლმსაჯულების ან სასჯელაღსრულების კუთხით ადამიანთათვის რუტინულ და მოსაბეზრებელ სამუშაოს მალე რობოტები და ალგორითმები შეითავსებენ.