რეჟისორ ლანა ვაჩოვსკის მშობლები ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალნენ, სანამ ის მატრიცას ახალ ნაწილზე მუშაობას დაიწყებდა. რეჟისორის თქმით, სწორედ The Matrix: Resurrections-ზე მუშაობა დაეხმარა, რათა მშობლების გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას გამკლავებოდა.

ვაჩოვსკი წლების განმავლობაში ფიქრობდა, რომ Matrix-ის ტრილოგიას ახალ ფილმს არ დაამატებდა, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა.

"მშობლების დაკარგვის შემდეგ რაღაც მჭირდებოდა, რაც დამეხმარებოდა. ასე დავწერე ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომელიც უკან ბრუნდება და ამან ძალიან დამამშვიდა. სამომავლო გეგმებზე საერთოდ არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვწერდი და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. შემდეგ ისტორია ერთ ადამიანს წავაკითხე, რომელსაც ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ ეს ამბავი ყველასთვის უნდა მომეყოლა", — ამბობს რეჟისორი.

The Matrix: Resurrections ტელეეკრანებზე 22 დეკემბერს გამოვიდა და საკმაოდ კარგი შეფასებებიც დაიმსახურა. "ვაჩოვსკი ფილმში ისეთ ფუნდამენტურ თემებს წამოწევს წინ, როგორიცაა ადამიანის ბუნება, თვითკმაყოფილება და სიყვარულის საჭიროება. მართალია, რეჟისორი დამაკმაყოფილებელ პასუხს არ გვცემს, თუმცა ამ ყველაფერზე აუცილებლად დაგვაფიქრებს", — ვკითხულობთ ერთ-ერთ შეფასებაში.