სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მისი სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების ინიციატივაზე საუბრისას ჩამოთვლის იმ უწყებებს, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა ფუქციას ითავსებენ. თოლორაია ასე ცდილობს გააბათილოს მმართველი პარტიის არგუმენტი, რომ ინსპექტორის სამსახურის დაშლა და მის ნაცვლად ორი სხვადასხვა უწყების ჩამოყალიბება უფრო ეფექტიანი იქნება.

"რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, სადაც სხვადასხვა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავბეული ფუნქციები თავმოყრილია ერთი და იმავე უწყების ხელში: შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც დედამიწის ზურგზე, მე მგონი, ყველაფრის ფუნქცია აქვს; ავიღოთ პროკურატურა, რომელსაც აქვს გამოძიებაც და საპროცესო ზედამხედველობაც; ავიღოთ იუსტიციის სამინისტრო, რომელიც თავისი არსით აბსოლუტურად სხვა არის, მაგრამ იქ არის პენიტენციური დაწესებულება ასევე. ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება და ამ ყველაფერს დისკომფორტი არ შეუქმნია პარლამენტისთვის.

რატომ მაინცდამაინც პერსონალურ მონაცემთა დაცვამ შექმნა პრობლემა, როდესაც ორ წელზე მეტია საქართველოს პარლამენტში კანონმდებლობა დევს სწორედ პერსონალურ მონაცემთა სტანდარტის ამაღლების მიზნით და არავის გახსნენებია, რომ ეს კანონპროექტი იყო პრიორიტეტი", — განაცხადა ლონდა თოლორაიამ TV პირველის ეთერში.

ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.

ლონდა თოლორაიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი სამსახურის "დასჯად" შეაფასა.

გაიგე მეტი: