პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუღებელს უწოდებს ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს. ზურაბიშვილი მოითხოვს, შეწყდეს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა.

"მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!

შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს! ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ხაზს უსვამს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას, როგორც ქალი ლიდერის მნიშვნელობას და ამბობს, რომ მიუღებელია სამსახურის გაუქმების შესახებ ინიციატივის გაჟღერება მაშინ, როცა მისი ხელმძღვანელი ქალი დეკრეტულ შვებულებაში იყო.

"ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა. სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას", — ამბობს ზურაბიშვილი.

მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისიც, რომ ლონდა თოლორაიამ საკუთარი სამსახურის გაუქმებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მედიისგან შეიტყო.

"აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100-ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!" — აცხადებს პრეზიდენტი.

ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.

ლონდა თოლორაიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამოუკიდებელი სამსახურის "დასჯად" შეაფასა.

გაიგე მეტი: