დეპუტატი ქართული ოცნებიდან, გუგული მაღრაძე მიიჩნევს, რომ მოწევა მხატვრულ ფილმებში ნაკლები დოზით უნდა ჩანდეს და სადაც ჩანს, ის დაფარული უნდა იყოს, მაგალითად, ყვავილით. საკანონმდებლო ინიციატორმა ამის შესახებ "ქრონიკასთან" სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:

"თურქებმა გააკეთეს ასე, რომ სიგარეტის ადგილზე ყვავილია ტუჩთან. ეს ახლა ცოტა კომიკური შეიძლება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, არ აღძრავს სწორედ იმ დადებით დამოკიდებულებას სიგარეტის მწეველთა მიმართ სწორედ იმის გამო, ცოტა სასაცილო და ირონიული შეიძლება იყოს. ახლა თუ იქ ისეა, რომ თუ სიგარეტი არ გამოჩნდა, დაიქცევა ქვეყანა და დაიქცევა ფილმი, მე ნაკლებად მიმაჩნია, რომ ასეთი ფილმები არსებობს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, არ იყოს გამოხატული ფილმში მოწევა, ახალგაზრდებში მოწევის მაპროვოცირებელი."

თურქული სატელევიზო ნაწარმი ცენზურას ნამდვილად გადის და როგორც გუგული მაღრაძე ამბობს, ზუსტად ისეა – თუ ვინმე სიგარეტს, ჩიბუხს, ან სიგარას ეწევა ფილმში, ის ყვავილითაა დაფარული. ამ დროს კი მნიშვნელობა არ აქვს ფილმის წარმომავლობას.