შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზბეგისა და სარფის საბაჟო პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ყაზბეგის შემთხვევაში მიზეზი დიდთოვლობა და ზვავსაშიშროებაა. რაც შეეხება სარფის საბაჟოს, როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ყაზბეგის საბაჟოს შეფერხების გამო საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები კვეთისთვის სწორედ ამ პუნქტს ირჩევს, რის გამოც მას ჩვეულებრივზე მეტი სატვირთოს გატარება უწევს.

"აღნიშნული პუნქტის [სარფის] გავლით, ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება მიმდინარეობს. 26 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა (თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელის, 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება შეძლეს", — აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

გარდა ამისა, უწყების განმარტებით, გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, რის გამოც ყველა საბაჟო პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს.