კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

24 დეკემბერს სახალხო დამცველის ოფისთან ძალადობრივი, ჰომოფობიური და პრორუსული ჯგუფის, ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე, სადაც 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა არ ჰქონდა. კადრებში ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

აქციის შემდეგ თუთბერიძემ დაწერა პოსტი, სადაც საუბრობდა, რომ დღეს ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიაა. მისი თქმით, 2013 წლიდან ხშირია მის მიმართ აგრესია, მესენჯერში ხვდება აგრესიული შინაარსის შეტყობინებები, თუმცა ამბობს, რომ არ აპირებს საკუთარ პროფესიაზე უარის თქმას.

"საქართველომ ძალიან რთული პროცესი გაიარა იმისთვის, რომ პროდასავლური საგარეო კურსის სახელმწიფოდ ქცეულიყო. ჩვენთვის არავითარი ორი გზა არ არსებობს, გადარჩენის გზა მხოლოდ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ჩემთვის საამაყოა თუ ამ მოზაიკაში, როგორც რიგითი მოქალაქე და ჟურნალისტი, ჩემ წილ მცირე ზომის კენჭს დავდებ. ბევრი რამის მეშინია, მაგრამ ადამიანების ნაკლებად და ახლა არც პრორუსების მეშინია, არც მათი მფარველების. არც საკუთარ საქმიანობაზე უარის თქმას ვაპირებ", — წერს თუთბერიძე პოსტში.

კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მუქარის პირველი შემთხვევა არ არის. გარდა ამისა, 5-6 ივლისს ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის, სირცხვილიასა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისებსაც. 11 ივლისს აქციაზე ნაცემი TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

5-6 ივლისის ძალადობას წინ უძღოდა ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები იმაზე, რომ ღირსების მარშს მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. 5 ივლისს, როცა უკვე დაწყებული იყო ძალადობა, ღარიბაშვილმა ისევ თბილისი პრაიდი გააკრიტიკა, რამდენიმე დღეში კი გაიმეორა ჰომოფობიური ჯგუფების გზავნილი პროპაგანდის შესახებ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.