მე-4 პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მაკონსოლიდირებელი როლის თავზე აღება ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ისტორიული მისიის შესაძლო შესრულებას უსვამს ხაზს. სააკაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ მარგველაშვილთან შეხვედრა მისთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი იყო.

"მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას. მინდა გამოვყო რამდენიმე ფაქტორი, თუ რის გამო: ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს", — წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

მისივე თქმით, დარწმუნდა, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ამასთან ამბობს, რომ ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია.

"ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი.
არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია", — აცხადებს სააკაშვილი.

სააკაშვილი თქმით, ის მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს.

"კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგავრი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე. ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს", — წერს სააკაშვილი.

მარგველაშვილმა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა და განაცხადა, რომ "უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა" იყო. მარგველაშვილის შეფასებით, მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "პუტინის პატიმარია".

ასევე, მისი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. მარგველაშვილის თქმით, გულისხმობს საქმეებს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა.

გაიგე მეტი: