გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს შემაშფოთებელს უწოდებს და პარლამენტს მოუწოდებს, რომ გაიწვიოს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ Twitter-ზე დაწერეს.

"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ პარლამენტის წინადადებაზე, რომ გააუქმოს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საკვანძო როლი აქვს წამების პრევენციასა და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ ეს ინიციატივა უკან გაიწვიონ და ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა უზრუნველყონ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებულ პროცესს "სრულიად კონსპირაციულს" უწოდებს. მისივე განცხადებით, "ოცნების" კანონპროექტი ძალიან საშიში პრეცედენტია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ ქვეყნისთვის და არჩევით თანამდებობაზე მყოფი ყველა პირისთვის.

თოლორაიას განცხადებით, ეს არის სიგნალი, რომ ისინი "ძალიან ჭკვიანად" უნდა იყვნენ. ის ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირება წინასაახალწლო პერიოდს დაემთხვა, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების უმრავლესობა საქართველოში არ იმყოფება. ამასთან, მისივე თქმით, ეს ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.

ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია. როგორც On.ge-ს დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა კანონპროექტი დღეს, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ პერიოდში არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია.

უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

ამავე თემაზე: