ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მისი მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] გენერალურ დირექტორად წარადგინა. თურნავას თქმით, რადგან ეს საპასუხისმგებლო პოსტია, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საწარმოს ხელმძღვანელად განსაკუთრებით გამოცდილი კადრი დაენიშნათ.

"ის ეფექტურად ახორციელებდა ენერგეტიკის კოორდინაციას და ყველაზე მეტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი მომავალში. ესკოს გაძლიერებული გუნდი შეასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ითვალისწინებს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზრისადმი მისი დაახლოება", — განაცხადა თურნავამ.

საწარმოს აქამდე ზაზა დვალიშვილი ხელმძღვანელობდა. თურნავას თქმით, ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იქნება. თვალაბეიშვილი მინისტრის მოადგილის პოსტს 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე იკავებდა და ენერგეტიკულ სექტორს კურირებდა.