ცნობილი კანადელი რეჟისორი და სცენარისტი ჟან-მარკ ვალე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ჟან-მარკ ვალემ გადაიღო ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი Big Little Lies (დიდი პატარა ტყუილები), რომელმაც ემის ჯილდოც მიიღო, როგორც საუკეთესო მინისერიალმა.

ის ასევე რეჟისორია ფილმისა Dallas Buyers Club (დალასის მყიდველთა კლუბი), რომელმაც ოსკარებზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაცია მიიღო, მასში შესრულებული როლებისთვის კი მეთიუ მაკკონაჰისა და ჯარედ ლეტოს ოსკარი გადაეცათ.

ჟან-მარკ ვალემ თავისი კარიერის განმავლობაში გადაიღო ისეთი გახმაურებული ფილმები, როგორებიცაა C.R.A.Z.Y., Café de Flore და Wild. ამ უკანსკნელში მთავარ როლს რიზ უიზერსპუნი ასრულებს.

დიდი პატარა ტყუილების წარმატების შემდეგ HBO-მ 2018 წელს მასთან თანამშრომლობით გამოუშვა კიდევ ერთი ცნობილი სერიალი Sharp Objects (ბასრი საგნები), რომელშიც მთავარ როლს ემი ადამსი ასრულებს.