სუპერგმირების შესახებ გადაღებული ფილმების ავკარგიანობაზე დავა არ წყდება. ფილმების კრიტიკოსებს შორისაა რეჟისორი მარტინ სკორსეზე, რომელიც უარყოფით შეფასებებს არასდროს იშურებს. ცოტა მან კომიქსებზე გადაღებული ფილმები ატრაქციონებს შეადარა და განაცხადა, რომ ეს "კინო საერთოდ არ არის".

ამჯერად სუპერგმირების შესახებ გადაღებული ფილმები მარველის სპაიდერმენმა — ტომ ჰოლანდმა დაიცვა. გამოცემა The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ჰოლანდმა საკუთარ და კოლეგათა გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრა და სუპერგმირების შესახებ გადაღებულ ფილმებს "ნამდვილი ხელოვნება" უწოდა.

"შეგიძლიათ, მარტინ სკორსეზეს ჰკითხოთ, უნდა თუ არა მარველის ფილმის გადაღება, თუმცა მას ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს, რადგან მარველის ფილმი არასდროს გადაუღია. მე მარველის ფილმებზეც მიმუშავია და ოსკაროსან ფილმშიც მითამაშია. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთი მეორეზე ძვირადღირებულია. ის, თუ როგორ ვთამაშობ ჩემს გმირს და როგორ ქმნის რეჟისორი ისტორიასა თუ პერსონაჟებს, ერთი და იგივეა — უბრალოდ სხვადასხვა მასშტაბის. ამიტომ ვფიქრობ, რომ სუპერგმირების შესახებ გადაღებული ფილმები ნამდვილი ხელოვნებაა", — ამბობს ტომ ჰოლანდი.

ტომ ჰოლანდმა მარველის ფილმებთან ერთად პოპულარულობა 2012 წელს გადაღებული ფილმით The Impossible-ით მოიპოვა, რომელსაც ოსკარს უწინასწარმეტყველებდნენ. მსახიობმა თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად კოლეგების გამოცდილებაც მოიშველია:

"როდესაც ამ ფილმებზე მუშაობ, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი, მათ მილიონობით ადამიანი ნახავს. როცა პატარა ინდი ფილმს იღებ, თუ ძალიან კარგი არაა, მას არავინ ნახავს. შეგიძლიათ ბენედიქტ კამბერბეჩს, რობერტ დაუნი უმცროსსა და სკარლეტ იოჰანსონს ჰკითხოთ — ადამიანებს, რომლებსაც 'ოსკარის ღირს' ფილმებშიც უთამაშიათ და სუპერგმირების შესახებ გადაღებულშიც. ისინი გეტყვიან, რომ ორივე ერთი და იგივეა", — ამბობს ჰოლანდი.

მარტინ სკორსეზესთან ერთად სუპერგმირების შესახებ გადაღებულ ფილმებს რიდლი სკოტიც აქტიურად აკრიტიკებს. ცოტა ხნის წინ მან ასეთ ფილმებს "საშინლად მოსაწყენი" უწოდა.

ამასობაში ტომ ჰოლანდის ახალმა ფილმმა Spider-Man: No Way Home-მა გამოსვლიდან 12 დღეში $1 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმიც გახდა.

ამავე თემაზე: