პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ ადამიანების საჭიროებები დაივიწყა და ერთადერთი, რაზეც გადართულია, არის ძალაუფლების შენარჩუნება.

"ოცნებამ ადამიანების საჭიროებები დაივიწყა და ერთადერთი, რაზეც გადართულია, არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება. ამის ნაწილია ესეც. რეალურად ამის შემადგენელი ნაწილია ისიც, რომ მათ, უბრალოდ, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის სჭირდებათ სრულად პარტიულად კონტროლირებადი ადამიანი ჰყავდეთ ამ პოზიციაზე", — ამბობს დაუშვილი.

ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია. როგორც On.ge-ს დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა კანონპროექტი ორშაბათს, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ პერიოდში არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია. უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაია განცხადებით, მისი სამსახურის გაუქმების შესახებ "კონსპირაციულად" დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო. მისი თქმით, ეს მოხდა იმ პირობებში, როცა 9 დეკემბრიდან ცდილობს პარლამენტთან კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე. თოლორაია აღნიშნავს, რომ ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა გაქუმების ინიციატივაზე.