ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს, რადგან ეს დამატებითი რისკია.

"ამ პირობებში კლუბების გახსნა არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ნამდვილად ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე იმიტომ, რომ სასიცოცხლო რისკები, რომელიც უკავშირდება, თუნდაც ახალი შტამის სწრაფ გავრცელებას, გადავაზღვიოთ", — თქვა გაბუნიამ.

მწვანე პასპორტების ამოქმედების მიუხედავად, კლუბების მუშაობა ჯერ დაშვებული არ არის. 4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ კლუბი ხიდი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. კლუბის წარმომადგენლებმა "ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", ტერიტორია დატოვეს, თუმცა პასუხისმგებელ პირებს "გონივრული ვადა" მისცეს, რათა მათი მუშაობა დაუშვან.

ამის შემდეგ, 17 დეკემბერს, გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომ ღამის კლუბებში ღონსიძიებების გამართვა ამ ეტაპზე აკრძალულია. საპასუხოდ, კლუბების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გახნის შესახებ მთავრობამ იცოდა და ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. პარასკევს კლუბები მართლაც გაიხსნა და შრომის ინსპექციის შესვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეორე დღეს, 18 დეკემბერს თბილისის ღამის კლუბებმა განაცხადეს, რომ შრომის ინსპექციასთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ერთი კვირით გადადებაზე შეთანხმდნენ. მათ თქვეს, რომ ეს ბოლო კომპრომისია.

19 დეკემბერს, შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში კი შრომის ინსპექცია წერდა, რომ გადაწყვეტილებას "კლუბების ფუნქციონირების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით" საკოორდინაციო საბჭო ერთობლივი განხილვების შემდეგ მიიღებს. მათივე ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ყველა შესაძლო რისკის, განსაკუთრებით ახალი, ომიკრონ შტამის სწრაფი გავრცელების შესაძლებლობის და შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური უზრუნველყოფის განსაზღვრის შედეგად.

ამას მოჰყვა კლუბების განცხადება, რომლის თანახმად, 18 დეკემბრის ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, შრომის ინსპექცია კლუბების ხელმძღვანელებს სისხლისსამართლებრივი დევნით, დახურვუთა და ჯარიმებით დაემუქრა, უკვე შეთანხმებული პირობები კი თავის განცხადებაში არ ასახა.

ერთი კვირის შემდეგ, როცა კლუბებში მომდევნო ღონისძიებები იგეგმებოდა, შრომის ინსპექციამ რამდენიმე მათგანი დალუქა. ბასიანთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებმაც აქცია გამართეს. იქ დაგეგმილი ღონისძიება მაინც ჩატარდა, თუმცა კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმეს.