დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე აცხადებს, რომ ასე იწრთობა ავტორიტარიზმი. მისი თქმით, ინსპექტორის სამსახური, რეალურად, პროცესის "თვალების ასახვევად" და დემოკრატიის იმიტაციისთვის შექმნეს, თუმცა, შემდეგ ლუკა სირაძის საქმემ და სხვებმა მმართველ პარტიას დისკომფორტი შეუქმნა.

"მოითხოვეს უცხოელებმა, NGO-ებმა და იფიქრეს, იყოს, დავაკმაყოფილოთ პროცედურული დემოკრატია. იყო, იყო ეს სამსახური და უცებ ლუკა სირაძის საქმე, მერე კიდე რაღაც საქმეები და იმდენად შეჭამა ტვინი, რომ პროცედურული დემოკრატიის იმიტაციის "სიკეთე" გადაფარა დისკომფორტმა მათი ატანის და მოსალოდნელმა შარმა. რუსეთშიც NGO-ები იყვნენ და იყვნენ, ანგარიშებშიც იწერებოდა, აი, NGO-ები ფუნქციონირებსო. მერე უკვე შარმა გადაწონა. მერე მოეწონათ აკრძალვებში გამოვლენილი "ძალა" და ახლა, რასაც უნდათ აკრძალავენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობა ავტორიტარიზმი", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების — სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია. დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ კანონპროექტი ორშაბათს, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ პერიოდში არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია. უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია განცხადებით, მისი სამსახურის გაუქმების შესახებ "კონსპირაციულად" დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ მედიიდან შეიტყო. მისი თქმით, ეს მოხდა იმ პირობებში, როცა 9 დეკემბრიდან ცდილობს პარლამენტთან კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე. თოლორაია აღნიშნავს, რომ ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა გაქუმების ინიციატივაზე.