ანტივაქსერ ირაკლი ფირცხალავას კონცერტში მონაწილეობისთვის ბათუმის მერიამ 14 000 ლარი გადაუხადა. ამის შესახებ On.ge-ს ბათუმის მერიის ააიპ კულტურის ცენტრში განუცხადეს.

მერიის პრესსამსახურს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტეს საახალწლო კონცერტზე ანტივაქსერი ფირცხალავას მიწვევა, რაზეც პასუხი ორი დღის განმავლობაში ვერ მივიღეთ.

გარდა ამისა, შესყიდვების სააგენტოს საიტზე იძებნება კულტურის ცენტრის ბრძანებაც, რომლის მიხედვით, ჯამში ბათუმში საახალწლო ღონისძიებებზე 433 400 ლარი უნდა დაიხარჯოს, მათ შორის 203 400 ჰონორარზე, ხოლო 230 000 ლარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე.

ამასთან, კულტურის ცენტრის ბრძანებაში წერია, რომ კოვიდ რეგულაციების გამო, საახალწლო ღონისძიებებისთვის თანხა წინასწარ არ იყო გათვალისწინებული და ამის გამო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვენ.

ამ გეგმის მიხედვით, ბათუმში საახალწლო ღონისძიებები 18 დღის განმავლობაში, 20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. დოკუმენტებში წერია, რომ კონცერტები მოეწყობა საახალწლოდ მორთულ მთავარ სცენაზე, ასევე, იქნება DJ ლაივები და სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები ყოველდღიურად, მათ შორის, საახალწლო პერსონაჟების მსვლელობები, ცეცხლოვანი შოუ, თოჯინების თეატრი, სასულე ორკესტრის მსვლელობა, მიმების პერფორმანსები, აკრობატები და ოჩოფეხებიანი მსვლელობა, ილუზიონისტების პერფორმანსები, ჯამბაზების პერფორმანსები, საახალწლო მარკეტი და ა.შ.

გარდა ამისა, დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ "ახალი წელი ტრადიციულად საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, ყოველწლიურად ბათუმი იმოსება საახალწლო განათებით, იმართება სხვადასხვა სახალხო საზეიმო ღონისძიებები და სუფევს სასიამოვნო განწყობა. ამასთან, მათი უდიდესი ნაწილი ღია ცის ქვეშ ტარდება და დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია. დაგეგმილი ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება".