ცოტა ხნის წინ ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში გვარს უკვე აღარ იყენებს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოცემა The New York Times-ს ინტერვიუ მეტავერსში მისცა.

მეტავერსი ვირტუალური რეალობის ერთგვარი სამყაროა, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ, გაერთოთ, ადამიანები გაიცნოთ, კონცერტს დაესწროთ, იშოპინგოთ და ბიზნესიც აკეთოთ, გქონდეთ საკუთარი "მიწა", სადაც სასურველი ფუნქციურობის მქონე დაწესებულების გახსნას შეძლებთ. ამჯერად ჟურნალისტმა და დემნამ მეტავერსი შესახვედრად და ბალენსიაგას განვლილი წლის შესახებ სასაუბროდ გამოიყენეს.

სინამდვილეში ჟურნალისტი ბრუკლინში იყო, დემნა კი — პარიზში. მეტავერსში ერთმანეთთან შესახვედრად მათ საკუთარი ავატარები გამოიყენეს. დემნას ავატარს დიზაინერის საფირმო შავი ჰუდი ეცვა, კეპი ეხურა და მეტალის საყურეც ეკეთა.

"დემნამ ჩაიცინა. ხელები სახის წინ რამდენჯერმე აიქნია, თითქოს ვერ იჯერებდა, რომ იქ იყო. 'ამას უნდა შევეჩვიო', თქვა მან", — აღწერს ჟურნალისტი დემნასთან მეტავერსში შეხვედრას.

დემნამ ბალენსიაგას გასულ წელსა და საკუთარ კარიერაზე ისაუბრა. გასული წლის განსაკუთრებული ამბებიდან აღსანიშნავია დემნას სიმპსონებში გამოჩენა და ბალენსიაგას კოლექციის ანიმაციით წარდგენა. მან "ამერიკის ოსკარებად" წოდებული ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოც მიიღო და საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედალიც გადასცა. ამასთან ერთად, დემნამ საზოგადოებას თავი კიმ კარდაშიანთან ერთად მეთ გალაზე გამოჩენითაც დაამახსოვრა, მიუხედავად იმისა, რომ სახე დაფარული ჰქონდა და, ფაქტობრივად, არც ჩანდა.

ეს წელი თავად ბალენსიაგასთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან დემნამ 53 წლის შემდეგ ბრენდის ისტორიაში პირველად მაღალი მოდის ჩვენება გამართა. კლონების მიერ კოლექციის წარდგენაც საკმაოდ დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

ვრცელ ინტერვიუში დემნამ ყურადღება საკუთარი წარმატებული კარიერის მთავარ მიზნებზეც გაამახვილა:

"მოდის მხიარულება და სილაღე დამეხმარა, რომ გამეცნობიერებინა, თუ რამდენად მიყვარს ჩემი საქმე. ჩემი მთავარი მიზანი ადამიანებისთვის საკუთარი პერსონის შესაქმნელად და მათ გასამხიარულებლად საუკეთესო ინგრედიენტების მიცემაა. სწორედ ამას ნიშნავს მოდა. ამაზე უკეთ არაფრის გაკეთება არ შემიძლია", — ამბობს დემნა.

ამავე თემაზე: