სენაკის საკრებულოში კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ჩაიშალა. სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატები და ოპოზიციის ორი წევრი არ მივიდა. საკრებულოს შემდეგი სხდომა სამშაბათს, 28 დეკემბერს გაიმართება.

რეგლამენტის მიხედვით, იმისთვის რომ საკრებულოს სხდომა უფლებამოსილი იყოს, მას უნდა ესწრებოდეს წევრთა ნახევარი მაინც. სენაკის საკრებულოში 33 წევრია, 16 — ქართული ოცნების, 13 — ნაციონალური მოძრაობის, 4 კი პარტია საქართველოსთვის.

საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნება სხდომას გამიზნულად არ ესწრება, რადგან უმრავლესობა არ აქვს და სურს საკრებულოს მუშაობის შეფერხება გაახანგრძლივოს.

გუშინ, 23 დეკემბერს, ქართული ოცნების დეპუტატები არ მივიდნენ ოპოზიციის მოწვეულ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც. კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ბათუმშიც ჩაიშალა. საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ამ დრომდე ვერ შედგა ზუგდიდშიც.

საკრებულოს სხდომას ქართული ოცნების წევრები არ დაესწრნენ ჩხოროწყუშიც, თუმცა კვორუმი შედგა და საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია საქართველოსთვის წევრი შოთა წურწუმია აირჩიეს.