თბილისის მერმა, კახა კალაძემ ღამის კლუბების წარმომადგენლებს საჯაროდ მიმართა და დახმარება შესთავაზა. მისი შეფასებით, ეს სექტორი პანდემიისას ძალიან მეტად დაზარალდა, რადგან ყველაზე ადრე დაიკეტა და ამ დრომდე არ ეძლევათ გახსნის საშუალება.

"ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ვისაც აქვს, ეს არის ღამის კლუბები, რომლებიც სერიოზული დარტყმის ქვეშ არიან. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, როგორც ქალაქის მერმა — ჩვენ გასულ წელს სერიოზული დახმარება აღმოვუჩინეთ ამ ადამიანებს და ახლაც მზად ვართ დედაქალაქის მერია შევხვდეთ და მაქსიმალური ხელშეწყობა და თანადგომა აღვუთქვათ ამ ბიზნესს.

ვიცი, ამ ადამიანების გვერდით უამრავი ოჯახი დგას და ვიცი, რამდენად რთულ მდგომარეობაში არიან. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძალიან დიდი სახელი გაუთქვეს ჩვენს ქალაქს ევროპაში, უამრავი ახალგაზრდა სარგებლობს და რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია, ძალიან დადებითია ასეთი კლუბების არსებობა. კიდევ ერთხელ მივმართავ ამ კლუბების ხელმძღვანელებს, მეპატრონეებს — ჩვენთან კომუნიკაციის პრობლემა მათ არ აქვთ — მობრძანდით და მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით, სანამ ეს შეზღუდვები იქნება", — განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ღამის კლუბებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, მუშაობის განახლების შემთხვევაში სახელმწიფო უწყებები მათ მეიჯარეებს "სადამსჯელო ღონისძიებებით" ემუქრებიან. ისინი განმარტავენ, ფიზიკური განადგურებისგან თავის ასარიდებლად სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ განაგრძონ მუშაობა.

გაიგე მეტი: