მაშინ, როდესაც მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების გაძვირებაზე წუხს. On.ge დაინტერესდა, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი იმ ინგრედიენტების შესაძენად, რომლებიც, როგორც წესი, საახალწლო სუფრის კერძებისთვისაა საჭირო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვარკეთილის ბაზარში 24 დეკემბერს, ხოლო სადგურის მოედანზე მდებარე ე.წ. დეზერტირების ბაზარში 27 დეკემბერს ვიყავით, რის გამოც, შესაძლოა, პროდუქტების ამჟამინდელ ღირებულებასთან ცდომილება იყოს.

ვარკეთილის ბაზარში ბევრი მყიდველი არ დაგვხვედრია. როდესაც შეიტყვეს, რომ პროდუქტების ღირებულებას არა შესაძენად, არამედ სტატიისთვის ვარკვევდით, გამყიდველთა ნაწილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა, ნაწილმა კი გვითხრა, რომ ფასები არათუ გაიზარდა, შემცირდა კიდეც. ზოგიერთი მათგანი ღიად ამბობდა, რომ პროდუქტები წინა წლებში ბევრად უფრო იაფი იყო, ვიდრე ახლა.

"4-5 ლარით ყველაფერი გაძვირებულია", — გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

მსგავსი სიტუაცია დაგვხვდა "დეზერტირების ბაზარშიც". უნდა აღინიშნოს, რომ ორივეგან პროდუქტების ღირებულება თითქმის ერთნაირი იყო. უმნიშვნელო განსხვავება მხოლოდ ცალკეულ პროდუქტებზეა.

პირველად, ქათმის ფასით დავინტერესდით. 1 კილოგრამი ე.წ. მუხრანის ქათმის ხორცის ფასი ბაზარში 7, ხოლო სხვა ქათმის 5-6 ლარია.

ფოტო: თათია შურღაია/On.ge

ნიგვზის ღირებულება ვარკეთილის ბაზარში სხვადასხვაა და ხარისხის შესაბამისად იცვლება. 1 კილოგრამის ფასი 20 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება, დეზერტირების ბაზარს, იქ ნიგვზის ფასი 35 ლარამდე ადის.

ფოტო: თათია შურღაია/On.

ყველის ფასებიც ცვალებადია და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სახეობაზე შეაჩერებთ არჩევანს. 1 კილოგრამი შებოლილი ყველის შეძენას 22 ლარად, სულგუნის — 20, იმერულის — 16, ქარხნულის — 18, გუდის კი 20 ლარად შეძლებთ.

ფოტო: თათია შურღაია/On

რაც შეეხება ხორცს — 1 კილოგრამი საქონლის ხორცის ფასი ბაზარში 18 ლარი, ხოლო ღორის 15 ლარია. დახლებზე ღორის სამწვადით დასათაურებულ ხორცსაც შეხვდებით, მის შესაძენად კი 9 ლარის გადახდა მოგიწევთ.

ფოტო: თათია შურღაია/On.ge

თევზიც ფასიც სახეობების მიხედვით განსხვავებულია. 1 კილოგრამი თევზის ღირებულება საშუალოდ 8-დან 40 ლარამდეა.

ფოტო: თათია შურღაია/On.ge

ბაზარში საახალწლო სუფრის უცვლელი კომპონენტის — ჩურჩხელისა და ჩირის დიდი არჩევანია. იმის მიხედვით, თუ რომელი ხილის ჩირისა თუ რომელი ბადაგით დამზადებული ჩურჩხელის ყიდვას ისურვებთ, შესაბამისი ფასის გადახდაც მოგიწევთ. ორივე ბაზარში ჩირის ღირებულება 5, ჩურჩხელის კი 2 ლარიდან იწყება.

ფოტო: თათია შურღაია/On.ge

რაც შეეხება ბოსტნეულს, კომბოსტოს, სტაფილოსა და ჭარხლის ფასი 2,5 ლარიდან იწყება. ბულგარული წიწაკის ფასი 5 ლარია. 1 კილოგრამი კიტრისა და 1 კილოგრამი პომიდვრის ყიდვასაც 5 ლარად შეძლებთ.

ფოტო: თათია შურღაია/On.ge

ხილის ფასი ორივე ბაზარში თითქმის თანაბარია. მაგალითად, ვარკეთილში ვაშლს 2,5 ლარად შეიძენთ, იმავე ფასად იყიდით კივსაც. დეზერტირების ბაზარში ვაშლის ღირებულება 1,5-დან იწყება, ხოლო კივის 2 ლარიდან. მანდარინის ფასი კი ორივეგან საშუალოდ 2 ლარია.

ფოტო: თათია შურღაია/On.ge

"ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს", "ფასები საგრძნობლად მომატებულია" — ამ და მსგავსი შინაარსით ფრაზებით გვპასუხობდნენ მყიდველები, როდესაც მათ ვთხოვეთ პროდუქტების ღირებულება წინა წლის ფასებთან შეედარებინათ.

საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში წლიურ ინფლაციაზე, ანუ ფასების საერთო დონის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,35%-იანი წვლილი შეიტანა. ნოემბერში წლიური ინფლაცია 12,5% იყო.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 6 სურსათს მიეკუთვნება.

რამდენად გაძვირდა საახალწლო სუფრა ბოლო ერთ წელში — ISET

ISET-მა დაითვალა, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში. ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს გათვალისწინებულია ისეთი ტრადიციული კერძები, როგორიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათი, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათი. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზეა არჩევანი გაკეთებული.

გრაფიკიდან ვხედავთ, რომ 2020 წელთან შედარებით, ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა. 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8,3%-ით მაღალია.

სუფრის ინდექსის მიხედვით, საახალწლო სუფრა ყველაზე იაფი (176,5 ლარი) კახეთშია, ყველაზე ძვირი კი (189,1 ლარი) — რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ISET-ის კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ზრდა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, სადაც საახალწლო სუფრის ღირებულებამ 177,3 ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,8%-ით მაღალია. ამის მიზეზად დასახელებულია ის, რომ 2020 წელს ყველაზე დაბალი ფასები სწორედ ამ რეგიონში ფიქსირდებოდა.

ISET-ის კვლევის მიხედვით, საახალწლო სუფრის ღირებულება რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

ფოტო: ISET

ISET-ის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში 2020 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ყველა საკვები პროდუქტი გაძვირდა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ სურსათზე: კვერცხი (38%), ყველი (12%), კარტოფილი (35%), სტაფილო (38%), კიტრი (15,9%), ვაშლი (18%), რძე (13%).

კვლევის მიხედვით, ნიგოზი საახალწლო სუფრის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ინგრედიენტია. წლის ამ დროს, 1 კილოგრამი ნიგვზის ფასი 22-27 ლარს შორის მერყეობს, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 5%-ით მაღალია.