თბილისის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფი არ გაზრდილა. მისი თქმით, აბონიმენტები ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოიყენება და საქართველოშიც სწორედ ეს სისტემა ინერგება.

"ეს არის ტყუილი და გაქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. არანაირი ტარიფი არ გაზრდილა. შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, ეს არის აბონიმენტები, რომელიც არის ყველა ევროპულ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა არის მოწესრიგებული და საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ეს სისტემა ინერგება. [...] შეიძლება გადავიხადო, არ ვიცი 250 ლარი, მაგრამ მომიწიოს 4-ჯერ ან 5-ჯერ მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამიტომ ვამბობ, რომ თვითონ ირჩევს ადამიანი თავისი მგზავრობიდან გამომდინარე", — თქვა კალაძემ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება. ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება, თუმცა მანამდე, 5 იანვრიდან მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ აბონიმენტები.

ულიმიტო ბარათების საფასური მისი გამოყენების პერიოდზე იქნება დამოკიდებული:

  • ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი — 1 ლარი;
  • ულიმიტო 1-დღიანი ბარათი — 3 ლარი;
  • ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი — 20 ლარი;
  • ულიმიტო 1-თვიანი ბარათი — 40 ლარი;
  • ულიმიტო 3-თვიანი ბარათი — 100 ლარი;
  • ულიმიტო 6-თვიანი ბარათი — 150 ლარი;
  • ულიმიტო 1-წლიანი ბარათი — 250 ლარი.

ბარათების შეძენა თბილისის მეტროს სალაროებში და საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. ამასთანავე, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისთვის სამგზავრო საშეღავათო პროგრამები ძალაში დარჩება.